2015-02-05 17:06:20, 349 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ კიევში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უკრაინაში, კიევში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები უკრაინის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ოქსანა სიროიდთან და უკრაინის სამთავრობო ოფისის ხელმძღვანელთან, მინისტრთა კაბინეტის მინისტრის მოადგილესთან ევროინტეგრაციის საკითხებში ნატალია გნიდიუკთან გამართა .
შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ღრმა მწუხარება გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისა და მებრძოლების გამო და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ანექსიური პოლიტიკის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან „აღმოსავლეთ პარტიორობის“ მონაწილე სახელმწიფოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.
საერთო საგარეო პოლიტიკური პრიორიტებების კონტექსტში მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე.
უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, აგრეთვე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის საკითხებს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინაში არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ასევე, შეხვედრა გამართა უკრაინაში ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის (EU advisory Mission (EUAM) ხელმძღვანელთან კალმან მიჟეისთან. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის შესახებ ისაუბრეს.
„საპარლამენტო დონეზე იგეგმება თანამშრომლობის გაღრმავება და ველოდებით მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციებს საქართველოში. ასევე, განხილულ იქნა ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობა, გაგრძელდება კომუნიკაცია ექსპერტების დონეზე, რათა მოხდეს გამოცდილების და კარგი პრაქტიკის გაზიარება ორ ქვეყანას შორის. ვემზადებით რიგის სამიტისთვის, სადაც გვაქვს მსგავსი მოლოდინები და საერთო საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები.“-აღნიშნა შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან