|
2022-04-14 16:53:17, 889 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ს შეადგენს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარებაა. 2012 - 2021 წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა თითქმის 300 000 ჰა-ით და 2021 წლის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 800 000 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. 2012-2021 წლებში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია. დღეს, საქართველოში, 5 სხვადასხვა კატეგორიის 94 დაცული ტერიტორიაა. „საქართველო გამორჩეულია უნიკალური ბიომრავალფეროვნებით და ლანდშაფტებით. ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ბოლო წლებში ჩვენ ვაჩვენეთ მნიშვნელოვანი პროგრესი ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და არსებულის გაფართოების მიმართულებით, რაც მომდევნო წლებშიც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ ვაპირებთ ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას, მათ შორის, წელს, ჩვენი გეგმაა, შეიქმნას რაჭის და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიები. ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, კვლევები ჩატარდება გურიაში, სვანეთში, სამეგრელოსა და აჭარაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. 2012-2021 წლები, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კონსერვაციული და რეინტროდუქციის პროექტების მიმართულებით. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და 2021 წლის მდგომარეობით 200 ინდივიდს შეადგენს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით დაინერგა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიული მონიტორინგი. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, 2021 წელს დაფიქსირდა ლეოპარდის (ჯიქის) ეგზემპლარი, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში პირველად. თუშეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე დაიწყო ლეოპარდის კვლევა. დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესების მიზნით, 2012-2021 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და არსებულის განახლება. 2021 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების მართვას დაქვემდებარებული 21 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან დაცული ტერიტორიების მართვას მენეჯმენტის გეგმით ახორციელებს 14 ადმინისტრაცია. მიმდინარეობს მუშაობა 7 დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციისთვის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაზე. დაცული ტერიტორიების დაცვა-მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, კერძოდ, 12 დაცულ ტერიტორიაზე ინერგება SMART პატრულირების თანამედროვე სისტემა. 2021 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 40-მდე ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა 2012 წლიდან, 4-ჯერ გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა და 2019 წელს, რეკორდულ მაჩვენებელს 1 200 000 ვიზიტორს მიაღწია. 2021 წელს კი დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ვიზიტორთა მიღება 26 მაისს აღადგინა, მხოლოდ 5 თვეში, ტურისტულად რეკორდული წლის (2019 წელი) 12 თვის მაჩვენებელი თითქმის 50%-ით შეასრულა და 600 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა. „დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარებამ, ეკოტურიზმის განვითარებამ და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ, განაპირობა მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის აქტიური ჩართულობა ეკოტურისტულ საქმიანობაში, ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ეკოტურისტული სერვისების მიწოდებაში, რაც ადგილობრივების ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს. 2021 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ დასაქმებულია დაახლოებით 1 200 ადამიანი, ფუნქციონირებს 400-მდე სასტუმრო, 200-მდე კვების ობიექტი. დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა - სალაშქრო ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრები, ასევე დაინერგება ახალი ეკოტურისტული სერვისები“ , - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. საქართველოს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარებები და მიღწევები გრძელდება „ჩვენ გავწიეთ უმნიშვნელოვანესი სამუშაო დაცული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად. შედეგად, 2021 წელს, UNESCO-მ მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა „მინისტრის საათის“ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს (მადათაფას და ბუღდაშენის ტბები), რამსარის კონვენციის სამდივნოს მიერ, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა. კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის დაცული ტერიტორიები ამ სტატუსს ფლობს 1996 წლიდან. 2019 წელს, მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა, როგორც 2019 წლის ევროპის საუკეთესო ეკოტურისტული ობიექტი (დაგეგმვა, განვითარება - ბუნების პირვანდელი სახის შენარჩუნებით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილი წვლილი და მოსახლეობის ჩართულობა კანიონის განვითარებით მიღებულ შედეგებში). ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ჯილდო დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს, დაჯილდოების ცერემონიაზე, მიმდინარე წლის 8 აპრილს საბერძნეთში გადაეცათ. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორი დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ისე კერძო ინვესტიციების მოზიდვა. 2021 წლის მდგომარეობით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მიმდინარე პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოა, ის 55 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აღნიშნული გრანტების ფარგლებში, 2022 წელს გრძელდება მუშაობა სხვადასხვა საგრანტო პროექტებზე, მათ შორის: შეიქმნება დაცული ტერიტორიების მობილური აპლიკაცია, გაგრძელდება IUCN Green List-ში დაცული ტერიტორიების ნომინაციის პროცესი და სხვა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) და სხვა. ოთარ შამუგია: „გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით არსებული შედეგები შეაჯამა და მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. „სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ის მთავარი პრიორიტეტია, რომელიც უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდას ევროკავშირის და სხვა ბაზრებზე. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად, სამივე მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგი. გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი, მომხმარებლის ინტერესების დაცვისთვის ინერგება ახალი რეგულაციები და უვნებლობის თანამედროვე სტანდარტები წარმოებებში. ამის პარალელურად, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობები, რამაც ხელი შეუწყო რეგიონებში სააგენტოს მომსახურებების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ გამოსვლისას.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)