|
2022-01-13 11:39:26, 2507 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გორში მე-11 ბატალიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე ძირითადი სამხედრო ბაზების განახლება უკვე დასრულებული იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე რეგულარულად ეცნობა. უწყების ცნობით, წელს პირველად, მინისტრმა აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი მოინახულა, ტერიტორია დაათვალიერა და შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მე-14 ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის განკუთვნილი სამსართულიანი მშენებარე ყაზარმა მოინახულა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. წლის ბოლომდე ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახების მოწყობაც იგეგმება. მიმდინარე წელს მე-11 ბატალიონის შტაბის შენობასა და კიდევ ერთ ყაზარმას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რითაც აღნიშნულ ბაზაზე სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად დასრულდება. გასულ წელს მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები, განხორციელდა ახალი სანიაღვრე სისტემებისა და ასფალტის საფარის დაგება; ასევე, მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა თავდაცვის უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა, რაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)