22:25 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 11:02:28, 421 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენმა პარლამენტს „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ წინადადებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა  უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტს „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა. 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ინიცირებული კანონის პროექტით კოდექსს ემატება 2391 მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს „მოწოდებას შუღლის გაღვივების მიზნით“. 

„საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სიძულვილით მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება და არ დაუსჯია კონკრეტული პირები. სახალხო დამცველისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილით მოტივირებული სხვა შემთხვევების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიება. აღნიშნული, წლების განმავლობაში, წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების სახელმწიფო რეგულაციის გზით შეზღუდვას ირჩევს, აუცილებელია აღნიშნულთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინება. მსგავსი რეგულაცია, ჩვენს რეალობაში, სადაც უმცირესობები და მათი მხარდამჭერი აქტივისტები ხშირად ხდებიან ვერბალური თავდასხმის მსხვერპლნი, ისევ მათთვის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის დაწესების დიდ საფრთხედ არ უნდა იქცეს“,-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  კანონის პროექტით შემოთავაზებული ნორმის ფორმულირება დიდი საფრთხის შემცველია. ნორმის მოცემული რედაქცია შეუთავსებელია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან და პრაქტიკასთან.

„კერძოდ, ნორმის ტექსტი („მტრობა და განხეთქილების ჩამოგდება“) საკმაოდ ზოგადია და არ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რაც ქმნის მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის და პრაქტიკაში არასწორად გამოყენების საფრთხეს. ნორმა არ ითვალისწინებს იმ ობიექტურ და რეალურ კრიტერიუმებს, რომლითაც აღნიშნული მიზანი შეიძლება გაიზომოს. კერძოდ, ნორმის მოცემული ფორმულირებით, არ არის სავალდებულო, რომ მოწოდებისას არსებობდეს კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე. შესაბამისად, ნორმის მოცემული რედაქციით კრიმინალიზებულია უბრალოდ მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით.

მოწოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება მოექცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სფეროში, თუკი ის ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. თავისთავად, მოწოდება რომელიც არ ქმნის მსგავსი ტიპის საფრთხეს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის ცალკეული ჯგუფებისთვის თუ მთელი საზოგადოებისთვის, არის სიტყვის თავისუფლებით დაცული სფერო. 

ამასთან, ნორმა არეგულირებს შუღლის გაღვივების მიზნით ისეთ მოწოდებას, რომელიც „პირთა ჯგუფებს შორის“ მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდებას ისახავს მიზნად. სახალხო დამცველის აზრით, წარმოდგენილი დეფინიცია არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და საერთაშორისო პრაქტიკას. შესაბამისად, აუცილებელია მუხლის ფორმულირებაში ნაცვლად სიტყვისა „შორის“, ჩაიწეროს სიტყვა „წინააღმდეგ/მიმართ“, რაც უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დაწესების წინაპირობაა და ამცირებს მუხლის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და მისი არასწორად გამოყენების რისკებს. 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სახალხო დამცველი ამახვილებს ყურადღებას, კანონის პროექტის 2391 მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სავარაუდო სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალია. აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გამოვლენილი მასობრივი ძალადობის ობიექტები სწორედ აღნიშნული ჯგუფებია“,-აღნიშნულია ნანუაშვილის განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მუხლის ფორმულირებას, კერძოდ 2391 მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სავარაუდო სამიზნე ჯგუფების ჩამონათვალს, უნდა დაემატოს სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, რაც აღნიშნულ ჯგუფებს მიანიჭებს უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უფრო მყარ გარანტიებს, ვიდრე ამას ითვალისწინებს ნორმის შემოთავაზებული რედაქცია. 

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გამოსწორდეს კანონის პროექტის ხარვეზები მისი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და გამოთქვამს სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics