09:28 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 17:00:10, 810 ნახვა

საზოგადოება
სოლიდარობა ნინუცა მაყაშვილს - რა გამოხმაურებები მოჰყვა მსახიობის მიერ მოყოლილ ძალადობის ამბავს

12 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ერთ-ერთ გადაცემაში, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილ მეუღლესთან, ბესო ზანგურთან თანაცხოვრების, 11 წლის წინანდელი ეპიზოდი გაიხსენა.

როგორც ნინუცა მაყაშვილმა გადაცემა „ფარულ კონვეტრში“ განაცხადა, ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

აღნიშნულ ინტერვიუს რუსთაველის თეატრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას“.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ, ნინუცა მაყაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება ასევე სოციალურ ქსელში შეაფასა.

„წინათ ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალდება, ახლა ვეღარ ბედავს. ეშინია, დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბავენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს“, - წერს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს თავად ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, ბესო ზანგური მედიაში გამოეხმაურა, რომლემაც უარყო ყოფილი მეუღლის ბრალდება და განაცხადა, რომ კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას.

ოჯახური ძალადობის შესახებ ღიად საუბრის შემდეგ, ნინუცა მაყაშვილს არა ერთმა მსახიობმა გამოუცხადა სოლიდარობა.

პირველი, ვინც მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა, თამთა ინაშვილი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ პროტესტს უცხადებს ბესო ზანგურს და უარს ამბობს მასთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობაზე.

„დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა“ - ამის შესახებ ნინუცა მაყაშვილისთვის სოლიდარობის გამოცხადებისას „სამეფო უბნის თეატრის“ რეჟისორმა, დათა თავაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოჰყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო.
ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში!

დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა – აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს…“, - დაწერა დათა თავაძემ.

ნინუცა მაყაშვილის მიერ გაკეთებული ინტერვიუს შემდეგ, მსახიობი ბესო ზანგური კიდევ ერთ ძალადობაში ამხილეს. მსახიობმა ელენე მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზანგურმა თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროს, ფიზიკურად შეყვარებულზე იძალადა.

„დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს.

სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად!“, - დაწერა ელენე მაცხონაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე რუსთაველის თეატრის მიერ გაკეთებული ერთ წინადადებიანი განცხადების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თეატრის პრესსამსახურს დაუდასტურდა, სადაც განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავს და მისცემს ჩვენებას 11 წლის წინ მომხდარ ძალადობის ფაქტზე და გამოძიება დაიწყება, თეატრი მზადაა ბესო ზანგურს ხელშეკრულება შეუწყვიტოს.

ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსახიობი ჩვენების მიცემას არ აპირებს და აცხადებს, რომ საკუთარი ამბით უბრალოდ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მაგალითის მიცემა უნდოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics