|
2020-12-31 16:17:06, 1072 ნახვა
სამართალი
ტრაგედიები, რომლებმაც 2020 წელი დაგვამახსოვრა - წლის შეჯამება
2020 წელი საზოგადოებისთვის საკმაოდ რთული და დატვირთული აღმოჩნდა. წინა წლებთან შედარებით, არანაკლებ ხმაურიანი და გამორჩეული იყო ქვეყანაში მიმდინარე წლევანდელი მოვლენებიც. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში საზოგადოება არაერთი ტრაგიკული მოვლენის მომსწრე გახდა, რომლებმაც ბევრი მათგანის ცხოვრებაში სამუდამოდ შეცვალა. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში მკვლელობების სტატისტიკური მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, 38%-ით გაიზარდა. ბოლო 2 თვის განმავლობაში, შემთხვევები რამდენიმე დღიანი ინტერვალით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდებოდა. განსაკუთრებით მძიმე და ტრაგიკული იყო წლის მეორე ნახევარი. 2020 წელს საზოგადოების ყურადღება ორი ახალგაზრდის, გიორგი შაქარაშვილის და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებამ მიიპყრო. სწორედ ამ ორ საქმეში გამოიკვეთა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. გიორგი შაქარაშვილის საქმე
წლის მთავარ გახმაურებულ საქმედ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა იქცა. 22 ივნისს, 4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს ბევრი დაზიანება ჰქონდა - მრავლობითი მოტეხილობები და დაბეჟილობა თავის არეში. მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე აცნობა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება. შსს-მ საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 26 ივნისს პოლიციამ შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 პირი დააკავა. მათ შორის 6 არასრულწლოვანი იყო. დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე. მოგვიანებით, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. აღნიშნულ საქმეზე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პირველი განაჩენი 20 ნოემბერს გამოიტანა და ბრალდებული არასრულწლოვნები დამნაშავედ ცნო. ექვსი ბრალდებულიდან სამს, ლ.შ-ს, ნ.ც-სა და გ.მ.-ს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ ბრალდება ჯგუფურ ძალადობასა და ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა; ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნ.ქ.-ს; ამასთან, კიდევ ორ ბრალდებულს, ზ.ხ-სა და ა.ქ-ს გამოძიება როგორც ჯგუფურ ძალადობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. მოსამართლემ ბრალდებულებს 6 წლითა და 9 თვით აღუკვეთა თავისუფლება. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, მათი პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღემდე გრძელდება. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?
შაქარაშვილის საქმის მსგავსად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩეოდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეც. 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ხუთდღიანი ძიების შემდეგ პოლიციამ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში იპოვა. აღნიშნული საქმის მიმართ თავიდანვე გაჩნდა კითხვები - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? გარდაცვლილის მანქანაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მედიკამენტები აღმოაჩინეს. ამასთანავე, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალებიც, რომლებშიც ბაჩალიაშვილის აფთიაქში მოძრაობის ტრაექტორიაა ნაჩვენები. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს. გარდაცვლილის საქმეში ჩაერთო ადამიანის უფლებათა ცენტრიც. ასევე იყო მცდელობებიც, რომ საქმის გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროც ჩართულიყო, თუმცა როგორც მათ საქართველოს პროკურატურას განუცხადეს, ისინი მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებდნენ და პროკურატურის შენობასთან რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს. ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. მათივე განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „დამპალოს სასაფლაო“
მიმდინარე წლის დასაწყისში, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე განვითარებულმა მოვლენებმა. კერძოდ, 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ.დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები, შსს-ს თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე და მისი თანმხლები ვახტანგ ბურძენიძე. გამოძიების ინფორმაციით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო ბრალდებულ ზურაბ ფოფხაძის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ფოფხაძემ ბურძენიძესთან ერთად ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო მუხრან ჩხვირკვიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე, 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ზურაბ ფოფხაძეს 10 წლით, ხოლო ვახტანგ ბურძენიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრმა ტყვიის მსხვერპლი
მაშინ, როდესაც ქრისტიანული სამყარო იესო ქრისტეს ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავდა, მახალდიანების ოჯახში ტრაგედია მოხდა. დამნაშავე კვლავ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა. კერძოდ, 19 აპრილს, სოსო გაბრიაძე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. ის ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და თავისი კუთვნილი „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ მომღერალ თიკა მახალდიანის დედას, თამარ ანთელავას, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მოსამართლემ ყოფილი პოლიციელი პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამანაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულის საბოლოო განაჩენი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ტრაგედია თბილისის ზღვაზე
საკმაოდ ტრაგიკული იყო 2020 წლის ზაფხულიც. 21 ივლისს თბილისის ზღვაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ვარკეთილის სანაპიროსთან მოხდა. სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელშიც 5 მყვინთავი იყო ჩართული. პარალელურად მიმდინარეობდა სანაპიროს სრული მონიტორინგი. მაშველებმა 14 წლის ბიჭის ცხედარი გაუჩინარებიდან მალევე იპოვა, ხოლო მეორე - 15 წლის ბიჭის სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათს გრძელდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მომხდარი ფაქტი უბედური შემთხვევა იყო, რომელზე გამოძიებაც შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. „ბაუჰაუს“ თანამშრომლები
საზოგადოებისთვის საინტერესო აღოჩნდა ბარ „ბაუჰაუსის“ ორი თანამშრომლის, გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის საქმეც. პოლიციამ მათი გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით, 21:00 საათისთვის მიიღო. 2-დღიანი ძებნის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, მტკვარში, „ბაუჰაუს“ ბარიდან დაკარგული გოგონას ცხედარი იპოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მაშველებმა მდინარეში გაუჩინარებული ბიჭის ცხედარიც აღმოაჩინეს. საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ „ბაუჰაუს“ ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. შსს-მ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შატილის ტრაგედია
ცხელი ზაფხულის განმავლობაში კიდევ ერთი ტრაგედია შატილის გზაზე მომხდარ ავარიას უკავშირდება. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შსს-ს ცნობით, ავარიის შედეგად 12 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა. ცხედრების მიკროავტობუსიდან ამოყვანას მაშველებმა რამდენიმე საათი მოანდომეს. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკაა იმყოფებოდა. სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ყველა დაშავებული უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკული იყო, მათ მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდათ. მიუხედავად ამისა, ექიმებმა ყველა მათგანის გადარჩენა მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტორს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიყო. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება. სტიქია ხელვაჩაურში
არანაკლებ ტრაგიკული აღმოჩნდა ოქტომბრის დასაწყისიც, როდესაც აჭარაში სტიქია მოხდა. ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამასთან, მიწის ქვეშ მოექცა ავტომობილიც. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, ჩაიხერგა გზები და ადიდდა მდინარეები. მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდნენ. სამუშაოებში ჩართული იყო აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით. ამასთან, აჭარაში დამატებით გაემართა: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით. 16-საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მეწყრის დროს დაკარგულ ავტომანქანაში 2 ცხედარი იპოვეს. ორი დღის შემდეგ ნაპოვნი იქნა 16 წლის მოზარდის ცხედარიც. საერთო ჯამში, მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა - თედორაძეების ოჯახის სამი წევრი და ორი სტუმარი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მეექვსე კლასელ გოგონას, რომელსაც სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, ბათუმში ბინა გადასცა. მკვლელობა თემქაზე
ტრაგიკული აღმოჩნდა ნოემბრის შუა რიცხვებიც, როდესაც თემქაზე სასტიკი მკვლელობა მოხდა. თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი, მიშო მელიქიშვილი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. აღნიშნული დანაშაული თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრის ლევან შაბურიშვილის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ამასთანავე, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავად შაბურიშვილის დაჭრაც მოახერხა, თუმცა მან გაქცევა მოახერხა. გამოძიებამ მკვლელობა მალევე გახსნა და მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით 31 წლის მამაკაცი თანმხლებ გოგონასთან ერთად დააკავა. მოკლული ექიმი და დაკავებული პოლიციის მაღალჩინოსანი
კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა დეკემბრის ბოლოს მოხდა, როდესაც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. შემთხვევა იყალთოში მოხდა. დამნაშავე კი პოლიციის მაღალჩინოსანი, ვანო ზანდარაშვილი აღმოჩნდა. პროკურატურამ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიებით კი დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, ზანდარაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ექიმი ზურაბ საჩიშვილი. შემთხვევის ადგილზე, ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა კიდევ ერთი პირი. როგორც ვხედავთ, 2020 წელი საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა. პანდემიამ ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. ახლა კი, განცდებითა და ემოციებით დატვირთული წელი უკანასკნელ საათებს ითვლის.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|












ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)