2015-01-29 19:47:35, 346 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი შუღლის გაღვივების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა
პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი შუღლის გაღვივების შესახებ ვერ შეთანხმდა.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით უკმაყოფილება როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება იზღუდება, ხოლო კანონის დამრღვევ მოქალაქეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ არასამთავრობო სექტორის განცხადებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ კანონპროექტში არსებული ცვლილებების მიხედვით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ ხდება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად დასჯად ქმედებად განისაზღვრება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ, აღნიშნული ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზნით. ასეთი ქმედებისთვის გათვალისწინებულია 2–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ხოლო, თუ ამგვარი მოწოდების შედეგად პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდებას ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვება, დანაშაულის ჩამდენ პირს 8–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდება. რაც შეეხება „სხვა მძიმე შედეგს“ იგი დანაშაულის ბრალდების დროს პროკურორის მიერ უნდა დასაბუთდეს, ხოლო დადგინდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან