|
2015-09-25 20:09:43, 794 ნახვა
პოლიტიკა
"რეკომენდაციები სრულყოფილადაა შესრულებული"-ქართული მხარე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებით შეფასებას ელის
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ჩართული სხვა უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის მე-3 ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის მაისიდან, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 15-მდე საკანონმდებლო ცვლილება,შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, შემუშავდა შესაბამისი ინსტრუქციები და რეგულაციები, დაინერგა ახალი რეგულაციები, ახალი სერვისები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მიმართულებით. საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფარგლებში 28 სექტემბერს 4 დღიანი ვიზიტით საქართველოს ევროკავშირის შემფასებელი მისია ეწვევა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს. საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რიგით მე-4 ანგარიში მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, რის შედეგადაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი დასრულდება. არსებული პროცედურის თანახმად, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, საქართველოს მოქალაქეთათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ უნდა იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციაში #539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართულმა მხარემ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა შეასრულა. ამიტომ, გიგი გიგიაძე ფიქრობს, რომ ევროკომისიის შეფასება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი იქნება. "ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტექნიკური პროცესის დასრულების ფაზაში, ჩვენი სურვილია, რომ ტექნიკური პროცესი, რომელიც არის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, წარმატებით დასრულდეს მიმდინარე წლის დეკემბერის შუა რიცხვეში და ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს.ტექნიკური პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე აუცილებელი იქნება მეორე ეტაპის მიღწევა და წარმატებით დასრულება, რაც არის პოლიტიკური დადებითი გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი თითოეული ქვეყნისგან, რათა მოხდეს საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. ამ პროცესში რასაკვირველია, მაქსიმალურად იქნება ჩართული არა მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ ყველა ის შესაბამისი უწყება, რომელიც მონაწილეობს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო,იუსტიციის სამინისტრო.ქვეყანამ ძალიან ხანმოკლე პერიოდში უდიდესი სამუშაოები ჩაატარა. ჩვენ თავიდანვე გვქონდა მიღებული პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო წარმატებით დაასრულებს ტექნიკურ პროცესს, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ შეყოვნდებოდა.დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პირობა იქნება შესრულებული.ის რეკომენდაციები, რომლებიც განსაზღვრული იყო ევროკომისიის 8 მაისის დასკვნაში, სრულყოფილად არის შესრულებული. ჩვენ ამის შესახებ უკვე დეტალური ინფორმაცია მოვაწოდეთ ევროკომისიას. იმედი გვაქვს, შეფასება იქნება დადებითი და შესაბამისად, დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მიმდინარე წლის ბოლოს“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებათ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისთვის პირდაპირი კომუნიკაციის გზით უვიზო მიმოსვლით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. ბეჭდური, ინტერნეტ და ტელე-რადიო არხებით საინფორმაციო რგოლები ვრცელდება. 3 აგვისტოდან ვიდეო-რგოლების ტრანსლირება ხდება როგორც ქართულ, ისე აფხაზურ, ოსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები: მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში; ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ; მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრეინინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს; უვიზო რეჟიმი არ შეეხება ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით; ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს ვიზის მისაღებად. ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე 90 დღიან პერიოდში მრავალჯერადი შესვლა შესაძლებელია, თუმცა საჭიროა დარწმუნება, რომ ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში; რეკომენდებულია, შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის გამოსათვლელი სპეციალური კალკულატორით სარგებლობა. საჭირო საბუთები: მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უდნა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის. ევროკავშირის/შენგენის ზონაში ბიომეტრიული პასპორტის გარეშე უვიზოდ შესვლა შეუძლებელია. ბიომეტრიული პასპორტის არქონის შემთხვევაში, ვიზის მისაღებად, განაცხადით უნდა მიმართოთ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებს, რომლებიც აკრედიტებულნი არიან საქართველოში. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა შეიძლება მოგთხოვოთ შემდეგი სახის საბუთები: ტურიზმი და დასვენება: უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი; სასტუმროს ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას. მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ. იმ ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ; სასტუმროს ჯავშანი; სამოგზაურო დაზღვევა უკან დასაბრუნებელი ბილეთი; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას. ნათესავების, მეგობრების მონახულება: მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.); იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით; სამოგზაურო დაზღვევა; უკან დასაბრუნებელი ბილეთი; მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.). მკურნალობა იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;. სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;უკან დასაბრუნებელი ბილეთი; მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.) საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან: შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე არსებული შესვლისა და ყოფნის წესები (შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში); ადგილობრივი კანონმდებლობა, საავტომობილო მოძრაობის წესები და საზოგადოებრივი წესრიგი; ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას (გაძევება) ან/და დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე პერიოდით. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესებს დაარღვევს ქვეყანაში 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება რეადმისიას (საქართველოში დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე პერიოდით. ალტერნატივის სახით, შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები/ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონდამრღვევს აეკრძალება შესვლა შესაბამის ქვეყანაში, ან შენგენის ტერიტორიაზე; შენგენის/ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პირთა სიაში, რომლებსაც აკრძალული აქვთ ზემოხსენებული ქვეყნებიდან მინიმუმ ერთ ქვეყანაში შესვლა; არ უნდა იყოს ნასამართლევი შენგენის/ევროკავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მინიმუმ 1 წლით; არ უნდა არსებობდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის, ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები. შენგენის ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის ეს პირობები გამოიყენება ევროკავშირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებაში. თეონა ნოზაძე
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)