2015-09-21 16:02:01, 604 ნახვა
სხვადასხვა
ორსანტიაში გაზიფიცირების პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორსანტიის ადმინისტაციულ ერთეულში მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება.
ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ბესიკ მორგოშიას ინფორმაციით დღეს, 21 სექტემბერს კომპანია „სოკარს“ შეთანხმებისამებრ 710 აბონენტის მონაცემი გადასცა.
„კომპანია ხვალიდან დაიწყებს ნახაზების შედგენას და ადგილობრივებს მიმდინარე წლის ზამთარში ბუნებრივი აირით გათბობის შესაძლებლობა ექნებათ“, - განმარტა ბესიკ მორგოშიამ.
ცნობისთვის, ორსანტიის ადმინსტრაციულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე 5 კმ. სიგრძის ასფალტის საფარი დაიგო. ადგილობრივებსა და ასევე დევნილებს გზაზე კომფორტული გადაადგილება შეუძლიათ. აღნიშნული გზა არის ერთ–ერთი გზა, რომელიც ოტობაიის პირობით საზღვრამდე გადის.
სოფელში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე სოფლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. საზოგადოებრივი ცენტრი ორსანტიისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში 7000-მდე მომხმარებელს, მოემსახურება. ცენტრში მუშაობს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრი თანამდეროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება.
ორსანტია–ოტობაიის ადმინისტრაციულ საზღვარზე სველი წერტილები, ჭაბურღილი და ქვარაიების უბანში ხიდი მოეწყო.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი ხიდ–ბოგირზე განხორციელდა. ამ ეტაპზე კი სოფლის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია, შიდა გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა, სამელიორაციო არხის ამოწმენდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან