|
2015-09-14 14:52:03, 571 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: გული მწყდება, რომ სასწავლოს წლის დაწყებას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად ვერ ვხვდებით
„გული მწყდება, რომ ახალი სასწავლოს წლის დაწყებას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად ვერ ვხვდებით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ახალი სასწავლო წლის დაწყება შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ აბანოს საჯარო სკოლაში აღნიშნა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მინისტრი სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „სკოლის ყველა პედაგოგს და უპირველეს ყოვლისა თქვენ ბავშვებო, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მიხარია, რომ განახლებულ, მართლაც თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ხვდებით ახალ სასწავლო წელს. საქართველოს ხელისუფლების ძალიან დიდი ზრუნვის საგანია, ის რომ განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც ათასმა ქარტეხილმა გადაიარა და თქვენ აღმოჩნდით კონფლიქტის ზონაში, იყოს განსაკუთრებული პირობები ბავშვებისთვის. განათლების მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის გარემონტა 18 და ახლაც მიმდინარეობს 12 სკოლის შენობის რეაბილიტაცია“, - განაცხადა მინისტრმა. სოფელ აბანოს საჯარო სკოლიდან მინისტრმა მოსწავლეების აფხაზ და ოს თანატოლებსაც მიმართა. „გული მწყდება, რომ ოს და აფხაზ თანამოძმეებთან და მათ ბავშვებთან ერთად ვერ ვხვდებით ახალ სასწავლო წელს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება. ის რაც ჩვენს ქვეყანაში კეთდება არის ხელმისაწვდომი ყველასათვის, მათ შორის ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ ახლა ვიმყოფები იმ რეგიონში, რომელმაც ყველაზე დიდი ტკივილი გამოიარა, ჩვენ ალბათ უნდა გადავლახოთ ეს ტკივილი და ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და მათთან ერთად უნდა გავაერთიანოთ საქართველო. ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მთავრობის მიზანი, ყველა ჩვენი თანამოქალაქის ოცნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ვიცე-პრემიერმა სოფელ აბანოს საჯარო სკოლის უფროსკლასელებს სკოლის დამამთავრებელი სიგელები გადასცა. გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო სკოლის ორ პირველ კლასელს პერსონალური კომპიუტერები უსახსოვრა, შემდგომ კი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მათთან ერთად სიმბოლურად დარეკა სკოლის ზარი. სოფელ აბანოს საჯარო სკოლა გასული წლიდან სრულად ახალ, თანამედროვე სტანდარტების შენობაში ფუნქციონირებს. ბოლო 13 წლის მანძილზე სკოლა სოფლის სამთომეტალურგიის სამმართველოს შენობაში იყო განთავსებული. რთული პირობების გამო, 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ამ შენობის დატოვებაც მოუხდათ. სოფელ აბანოში სკოლის ახალი შენობა 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. სკოლა აღიჭურვა გათბობის სისტემით, სტადიონით, შიდასპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საბუნებისმეტყველო კაბინეტით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს და მათთვის ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებას მართავს.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)