2015-09-14 13:41:01, 417 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ღვინიაშვილი კახეთში იმის გამო აქტიურობს, რომ ოდესის გუბერნატორს ერთგულება კიდევ დაუმტკიცოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები რთველთან დაკავშირებით გლეხების შეცდომაში შეყვანას სცდილობენ.
ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსებს მიმართა, რომ მათი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.
პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებსა და შს მინისტრს მოუწოდა, ადგილზე სიტუაცია გააკონტროლონ და პროვოკატორებს პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მისცენ.
"მინდა ახლა მივმართო პოლიტიკოსებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან პოლიტიკოსები, რომ მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.ვიცი, რომ ერ-ერთი დეპუტატი გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ღვინის კომპანიებს, რომ არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, გლეხებს თვეების განმავლობაში 10 თეთრს არ უხდიდნენ ხოლმე, რომელ სუბსიდირებაზე იყო საუბარი წინა წლებში, ახლა ეს ადამიანი იმის გამო, რომ დაუმტკიცოს კიდევ გუბერნატორს ( არა კახეთის, არამედ ოდესის გუბერნატორს) ერთგულება, ჩადის და იქ აქტიურობს. მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს და ბატონ მღებრიშვილს. გთხოვთ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას არ შეექმნას ჩაბარებაში რაიმე პრობლემა. ეს პროვოკატორი მოვაშოროთ, ადგილზე თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, თქვენ იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. ყოვლად დაუშვებელია, რომ დღეს ისეთი დიკსრედიტებული ორგანიზაცია, როგორიცაა "ნაციონალური მოძრაობა", ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით რაღაც ინტრიგანული, პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას და ფონის გაუარესებას, მოსახლეობის დაძაბვას. მესმის იმ პატიოსანი გლეხების, რომლებსაც არ აქვთ ინფორმაცია და ამდენს არ უხსნიან და ხდება მათი შეცდომაში შეყვანა, ახდენენ გავლენას რაღაც გარკვეული ჯგუფებით. ამ დროს საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, ბატონო ოთარ და ყველამ. გამჭვირვალედ რომ წავმართოთ ეს პროცესი, რომ არავის გაუჩნდეს განცდა, რომ სახელმწიფომ ან მცდელობა დააკლო, ან რაღაც სუბსიდირების თანხა შევამცირეთ. არამც და არაცმ. იგივე დავტოვეთ, რაც იყო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ეს გვიჯდება დაახლოებით 60 მლნ ლარამდე. წელსაც ამდენი დაგვიჯდება. ერთია სუბსიდირება, მეორეა,რასაც ჩვენ ჩავიბარებთ. როგორც ვიცი, თეთრი ყურძნის ფასი იქნება 70 თეთრი.თვითღირებულება თეთრი ყურძნის არის 30-35 თეთრი.100%იანი მოგებით აბარებენ ისინი ყურძენს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან