2015-01-05 13:40:22, 714 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი: 2014 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად ტექნიკა და ხილი გაძვირდა
2014 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აავრცელებს.
საქსტატმა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში შესაბამისი წვლილი წარმოადგინა.
მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (4,1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,8 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (1,6 პროცენტი);ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,6 პროცენტით, რამაც
ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,15 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა ძირითად ელექტრონულ, ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე (6,2 პროცენტი);
ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,1-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,12 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა
საწვავ-საპოხ მასალებზე (-4,4 პროცენტი).
ასევე საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში 2013 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2,0 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (21,2 პროცენტი). ფასები ასევე გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3,9 პროცენტი), თევზეული (3,2 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-1,3 პროცენტი);ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 6,7 პროცენტით, რამაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფზე – სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები (13,8 პროცენტი);ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4,0-პროცენტიანი ზრდა, რაც წლიური ინფლაციაზე 0,23 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ელექტრონულ ან არაელექტრონულ საოჯახო მოწყობილობებზე (9,0 პროცენტი)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან