10:41 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 17:47:06, 3703 ნახვა

საზოგადოება
„თბილისი პრაიდი“ შსს-ს მიმართავს, მათ ოფისზე თავდასხმები გამოიძიოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ შსს-ს მიმართავს, მათ ოფისზე თავდასხმები გამოიძიოს.

ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს და მათ პარტნიორ ორგანიზაციებს, თვალი მიადევნონ აღნიშნულ მოვლენებს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და გამოხმაურება.

„ბოლო რამდენიმე თვეა, „თბილისი პრაიდის“ ოფისი რელიგიური და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ინტენსიური თავდასხმების სამიზნეა. შეტევები დაიწყო 17 მაისს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ონლაინ აქცია გავმართეთ და, საქართველოს 100 სხვა მოქალაქის მსგავსად, ჩვენი ოფისის აივნიდან სიმბოლურად ცისარტყელის დროშა გადმოვფინეთ“, - აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციაში.

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, მოვლენების ქრონოლოგია ასეთია:

„23 მაისს, მემარჯვენე ჯგუფების წევრებმა დაიწყეს შეკრება „თბილისი პრაიდის“ ოფისის წინ, მათ სცადეს ცისარტყელის დროშის მოხსნა ოფისის აივნიდან. 25 მაისს მათ მოახერხეს დროშის მოპარვა, რის შემდეგაც ჩვენ ახალი დავკიდეთ; 1 ივნისიდან, როდესაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნა და ჩვენ განვაახლეთ ოფისში მუშაობა, ულტრამემარჯვენეებმა დაიწყეს რეგულარული მიტინგების ჩატარება ჩვენი ოფისის წინ. მათ ჰქონდათ ჰომოფობიური სიძულვილის ენის შემცველი ბანერები. ისინი ხშირად ყვიროდნენ და სიტყვიერად შეურაცხყოფდნენ პრაიდის აქტივისტებს; · 7 ივნისს, რადიკალური ჯგუფების წევრებმა შავი საღებავი ესროლეს ცისარტყელას დროშას და ჩვენი ოფისის ფანჯრებს; · მთელი ივნისის განმავლობაში, მიტინგები და შეურაცხმყოფელი დემონსტრაციები ყოველდღიურად, ათამდე ადამიანის დასწრებით, ჩვენი ოფისის წინ რეგულარულად გრძელდებოდა. 2 ივლისს, მემარჯვენეებმა და რელიგიურმა ჯგუფებმა მოაწყეს შედარებით დიდი მიტინგი. მიტინგს დაესწრო 50-მდე ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები, რომლებიც ლოცვას კითხულობდნენ და „ნაკურთხი წყალს“ ასხამდნენ ოფისთან მდებარე ქუჩას. მომიტინგეები პრაიდის აქტივისტების დაწვით ემუქრებოდნენ: „ჩვენ ბენზინს დავასხამთ და ყველას დავწვავთ“, - ყვიროდნენ ისინი. 21 ივლისს ამოუცნობმა პირებმა ოფისის ქუჩის შესასვლელს კვერცხები ესროლეს. 21 ივლისიდან დღემდე (26 აგვისტო) კვერცხების სროლა თითქმის ყოველდღე მეორდება.

ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პოლიციას ზემოხსენებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც დანაშაული (დროშის ქურდობა, დროშის და შენობის დაზიანება, კვერცხების სროლა). მიმდინარე გამოძიებები ჯერჯერობით არაეფექტური აღმოჩნდა. აშკარაა, რომ ეს მოვლენები ჰომოფობიის და ტრანსფობიის მანიფესტაციებია. სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს მოვლენები და განსაკუთრებით დროშასთან დაკავშირებული ინციდენტები წარმოადგენს თავდასხმას ჩვენს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ცისარტყელას დროშის გამოყენება თვითგამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა ჩვენთვის, როგორც ქვიარ მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ისეთი მოვლენები, როგორიცაა ჰომოფობიური ბანერები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რელიგიური მიტინგები და კვერცხის სროლა წარმოადგენს ჩვენი, პრაიდის აქტივისტების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ასეთი აგრესიული, დამაშინებელი და ძალადობრივი ქმედებებით, დამნაშავეები არა მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებს გვამყოფებენ  მუდმივ სტრესში და ხელს გვიშლიან ჩვენს საქმიანობაში, არამედ აღრმავებენ ჩვენ მიმართ და ზოგადად, ლგბტქ საზოგადოების მიმართ სიძულვილს, სტიგმას და ახალისებენ სხვებს ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო აქტების ჩადენისკენ. თვეების განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართული ძალადობა და შეურაცხყოფა აქტივისტებს სტრესულ გარემოში გვამყოფებს და პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის მშვიდი, უსაფრთხო სამუშაო სივრცისა და გარემოს შენარჩუნებას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ „თბილისი პრაიდი“, და მისი აქტივისტები ვართ დაზარალებული პირები, რომელთა მიმართ ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულები, როგორიც არის: თანასწორუფლებიანობის დარღვევა, ძალადობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელშეშლა, დევნა.

„თბილისი პრაიდი“  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტები და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი სანქციები დააკისროს.

ასევე, მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს და პარტნიორ ორგანიზაციებს, თვალი მიადევნონ აღნიშნულ მოვლენებს და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება და გამოხმაურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სან დიეგოში, ისლამურ ცენტრში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა მოზარდებმა თავი მოიკლეს
ხაზარაძემ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics