2015-09-09 15:30:04, 622 ნახვა
სამართალი
კახი მამულაშვილი 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახი მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს. დაცვის მხარის შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა.
"დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სასამართლოს მომართა შუამდგომლობით კახი მამულაშვილისათვის შეფარდებული პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაოს 15 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. დაცვის აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარე. ამის საფუძველზე სასამართლომ დააკამყოფილა შუამდგომლობა და კახი მამულაშვილი გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში.
გირაოს გადახდის ვადად ბრალდებულს 10 დღე განესაზღვრა.
ცნობისთვის, კახი მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა დღეს 13:00 საათზე მე-12 დარბაზში უნდა დაწყებულიყო. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სასამართლო სხდომა მე-18 დარბაზში გაიმართა ისე, რომ ჟურნალისტები მას არ დასწრებიან.
"ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განუცხადეს, რომ მე-12 დარბაზში ტექნიკური პრობლემის გამო სხდომა ვერ გაიმართა, თუმცა იმის თაობაზე, რომ დარბაზი შეიცვალა და სხდომა მე-18 დარბაზში ტარდებოდა, თავადაც არ იცოდნენ.
"დარბაზები სასამართლოში ხშირად იცვლება. დარბაზების პრობლემა ზოგადად სასამართლოში არის. მე-12 დარბაზსს ჰქონდა ტექნიკური პრობლემა და შეიცვალა დარბაზი, უბრალოდ ჩვენ პრესსამსახური არ ვიყავით ინფორმირებული, თორემ რა არის ამასი დასამალი",-განუცხადეს "ექსპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, კახა მამულაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.
კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან