07:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 12:00:14, 591 ნახვა

საზოგადოება
თამარ სანიკიძე „თავისუფალი ზონის“ სკოლა „ინტელექტში“ შეჭრის ფაქტს ვანდალურს უწოდებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „თავისუფალი ზონის“ წევრების სკოლა „ინტელექტში“ შეჭრის ფაქტს ვანდალურს უწოდებს. 

როგორც სანიკიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იმ ფონზე, როცა სკოლა „ინტელექტმა“ წიგნებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, „თავისუფალი ზონის“ წევრებს არ ჰქონდათ უფლება, სკოლაში შეჭრილიყვნენ. 

მან სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდა, სამართლებრივი ზომები მიიღოს.  

„თავისუფალი ზონის“ მხრიდან ეს იყო მორიგი უსაქციელობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს ორგანიზაცია რასაც ემსახურება, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, რომ მისამართი შეეშალათ. მე მოვუწოდებ სკოლის ადმინისტრაციას, რომ სამართლებრივი ზომები აუცილებლად მიიღოს. სკოლაში შეჭრის უფლება არავის არ აქვს, მითუმეტეს, როდესაც გარკვეული განმარტებები გაკეთდა. ჩვენ ვიცით, რომ სკოლამ შეუკვეთა სახელმძღვანელოები, რომელიც ჩამოვიდა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს სახელმძღვანელოები არ არის მორგებული ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაზე, ჩვენ არ ვაპირებთ ამის გამოყენებას, აქედან გამომდინარე, „თავისუფალ ზონის“ წევრები თუ რაიმე მისიის შესრულებას აპირებენ და უნდათ აჩვენონ ხალხს, რომ პატრიოტები არიან, მისამართი შეეშალათ. ეს არ ნიშნავს პატრიოტიზმს.  პატრიოტიზმი სწორედ ის არის, რასაც ვაკეთებთ, ბოლომდე ვაკონტროლებთ, ვიცავთ ჩვენს უფლებებს, საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, რაც  გამოიხატება ჩვენს საქმიანობაში და არა ვანდალურ შევარდნებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ. 

შეგახსნებთ, რომ  გუშინ, „თავისუფალი ზონის“ წევრები სკოლა „ინტელექტში“ შეიჭრნენ და სახელმძღვანელოები დახიეს. მათ სკოლის დირექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. მათ უკმაყოფილება სკოლაში აღმოჩენილმა და ამოღებულმა სახელმძღვანელოებმა გამოიწვია.

წიგნებთან დაკავშრებით სკოლა „ინტელექტმა“ რამდენიმე განმარტება გააკეთა.

როგორც „ინტელექტში“ აცხადებენ, სურათზე ნაჩვენები გეოგრაფიული რუკა, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არის ნაჩვენები, მოთავსებულია ატლასში, რომელიც წარმოადგენს დამატებით მასალას და არა ძირითად სახელმძღვანელოს. სკოლა „ინტელექტში“ სწავლება მიმდინარეობს გრიფირებული სახელმძღვანელოებით (ვაჟა ნეიძე, ლოგოს პრესი, 2010) და აღნიშნული ატლასი წარმოადგენს დამატებით მასალას, რომელიც სკოლის მოსწავლეებს არც კი გამოუყენებიათ.

„რაც შეეხება გზებს, რომლებითაც ეს ატლასი ჩვენ სკოლაში მოხვდა, აღსანიშნავია, რომ სკოლა „ინტელექტი“ ყოველწლიურად უკვეთავს რუსულენოვან დამატებით ლიტერატურას. წელს ჩვენი შეკვეთის მიუხედავად, მიმწოდებელმა მოგვაწოდა არა შეკვეთილი, არამედ სხვა ატლასი, რომელშიც ფაქტობრივი შეცდომა იყო დაშვებული.

აღსანიშნავია, რომ ეს ატლასები დაურიგდათ მშობელთა კრებაზე მშობლებს სახელმძღვანელოების და დამატებითი მასალების კომპლექტში და, შესაბამისად, სწავლის პროცესში ისინი არ გამოიყენებოდა და არც გამოიყენება, რადგან ყველა ატლასი უკვე ამოღებულია.

სკოლა „ინტელექტი“ სხვა დამატებით მასალას დაკვირვებით შეისწავლის.

სკოლა „ინტელექტი“ ასევე ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს მიმწოდებელთან, რომელმაც შეცდომიანი ატლასი მოგვაწოდა“, – განმარტავს სკოლა „ინტელექტის“ ადმინისტრაცია.

სკოლა „ინტელექტი“ ყველას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოიყენონ სკოლის მიერ დაშვებული შეცდომა თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics