|
2020-06-04 17:15:56, 3085 ნახვა
სამართალი
ნინო ცაციაშვილი - შსს-მ სახალხო დამცველის რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა
„2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულების შესახებ მოხსენება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა ნინო ცაციაშვილმა პარლამენტში წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ასახული სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და აღნიშნა, რომ იგი გამოირჩეოდა შესრულებული დავალებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. რეკომენდაციების შესრულების მიზნით, სამინისტროში 2018-2020 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ: სამინისტრომ გაზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. კვლავ გრძელდება ექიმების დასაქმება სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტებში და დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 29 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 23 იზოლატორში. 2020 წელს იგეგმება ექიმების დასაქმება სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის კიდევ ერთ იზოლატორში - ბაღდათი. იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების მიზნით, 2020 წელს ცვლილება შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციაში და დეტალურად გაიწერა სხეულზე არსებული დაზიანების ფოტოგადაღებისა და გადაღებული ფოტოსურათების შენახვის დეტალური წესები. ამასთან, 2019-2020 წლებში არაერთი ტრენინგი ჩატარდა დაზიანებების დოკუმენტირების, მათ შორის, სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების საკითხებზე. სამინისტრო, იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადებას 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს. სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის მიზნით, 2020 წელს დიდი ნაბიჯი იქნა გადადგმული. 17 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“. აღნიშნული კანონითა და თანმდევი ცვლილებებით მოხდა სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრება. კანონი ასევე ითვალისწინებს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავისათვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრის შექმნას. ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებს იძიებს; ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვან მსხვერპლთა, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს პოლიციის პოლიციის თანამშრომელთა გადამზადებას ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ბავშვობის ასაკში ქორწინების საკითხებზე. სამინისტრომ შეიმუშავა გამომძიებელთათვის სპეციალური ხუთდღიანი კურსი, რომელიც მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე ფსიქოლოგიურ საკითხებს. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის გამოძიების საკითხებზე ზემოაღნიშნული სპეციალური კურსი გაიარა 275-მდე გამომძიებელმა (2018-2019 წელი), ხოლო მოკლე კურსები 2019 წელს ჩაუტარდათ პატრულ-ინსპექტორებს, უბნის ინსპექტორებს, მართლწესრიგის ოფიცრებს და 112-ის ოპერატორებს. ასევე, 2019 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის საკითხის მიმართულებით აკადემიაში მომზადდა/გადამზადდა 900-მდე მსმენელი, ხოლო 2020 წლის 1 იანვრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე - 132 მსმენელი. სამართალდამცველთა გადამზადებასთან ერთად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების ეფექტიანად გამოძიების მიზნით, გამომძიებლებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები ისეთ თემებზე როგორებიცაა: დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები, მსხვერპლისთვის დასასმელი კითხვების სტრუქტურა; მოძალადის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემთხვევაში მსხვერპლთან განსახორციელებელი ღონისძიებები, შემაკავებელი ორდერის გამოცემისას მოძალადის მსხვერპლისგან განცალკევების ინსტრუქცია, ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახის წევრის მიერ ეკონომიკური ძალადობის იდენტიფიცირების მეთოდოლოგია და სხვა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით ყოველწლიურად იზრდება პოლიციისათვის მიმართვიანობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, რაც პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მეტყველებს. ძალადობის მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით, სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მუშაობს სექსუალური ძალადობის საქმეთა გამოძიების პროტოკოლის შემუშავებაზე. აღნიშნული პროტოკოლი, მათ შორის, მოიცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოკითხვის სახელმძღვანელო წესებს. პროტოკოლი დამუშავების პროცესის დასრულებისთანავე გადაეგზავნება პოლიციის ყველა საგამოძიებო დანაყოფს. სამინისტროს მიერ მომზადდა რეკომენდაცია „დაკავების ოქმის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ“, რომელიც განკუთვნილია დაკავების უფლებამოსილების მქონე სამართალდამცავებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციაში ხაზგასმა კეთდება დაკავების დროს დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების მნიშვნელობაზე. რეკომენდაცია უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში და მის პრაქტიკაში შესრულებას აქტიურ მონიტორინგს გაუწევს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. სამინისტროს მიერ მომზადდა „პოსტერები“, სადაც რეკომენდაციის შესაბამისად, მითითებულია მათ შორის, სახალხო დამცველის ცხელი ხაზის საკონტაქტო ინფორმაცია. აღნიშნული პოსტერები უკვე განთავსებულია პოლიციის დანაყოფებში.
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)