17:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-09 16:34:27, 2383 ნახვა

სამართალი
არასამთავრობოები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ, პროკურატურას წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 2 იანვარს, 24 წლის ახალგაზრდის, მურად წურწუმიას მიმართ ჩადენილი დანაშაული, რასაც მისი სიცოცხლე შეეწერა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს.

შესაბამისად, ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ, გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები და საქმის გამოსაძიებლად გადასცემად შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.

"სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება. ამავე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის გამოსაძიებელ საქმეთა კატეგორიას ასევე განეკუთვნება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილი ის დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება. კანონის აღნიშნული ჩანაწერი ნებისმიერ იმ შემთხვევას გულისხმობს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა სამოქალაქო პირს აღუკვეთა თავისუფლება და არ მისცა თავისფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

კანონის აღნიშნული ჩანაწერის მიზანი და ზოგადად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის მთავარი იდეა, სწორედ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი და დროული გამოძიებაა. წლების განმავლობაში ადგილობრივი ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ მსგავსი დანაშაულები გამოეძიებინა დამოუკიდებელ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საგამოძიებო უწყებას.

იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავს საქმეებზე სხვა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოძიების დაქვემდებარების მცდელობა, სახელმწიფო ინსპექტორს კანონმდებლობით მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტები აქვს მინიჭებული, კერძოდ: თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია, მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს წერილობით მიმართოს დასაბუთებული წინადადებით სხვა საგამოძიებო ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემას, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის კონკრეტული გარემოებები, კერძოდ კი ის, თუ რა ინტენსივობის დაზიანებები მიიღო მსხვერპლმა, იმყოფებოდა თუ არა პირი სამართალდამცავის ეფექტური კონტროლის ქვეშ, ან რა განზრახვა ჰქონდა საქმეში ბრალდებულ პირს, სწორედ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება წარმართული იყოს იმ უწყების მიერ, რომლის მიმართაც მეტი სანდოობა არსებობს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების შინაარსს იმის თაობაზე, რომ რადგან პროკურატურა გამოძიებას სხვა მუხლებით აწარმოებს, მათ კომპეტენციას სცდება გამოძიების ჩატარება. სახელმწიფო ინსპექტორს, სწორედ იმიტომ რომ თავიდან აიცილოს სხვა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დანაშაულისთვის არასწორი ან საკამათო კვალიფიკაციის მინიჭების გზით საქმეთა დაქვემდებარება, კანონმდებელი აძლევს უფლებამოსილებას, სრულად გაეცნოს საქმის მასალებს და მიმართოს პორკურატურას საქმის გადაცემის მოთხოვნით. თვალსაჩინეობისთვის, ინსპექტორის სამსახურის მიერ განვითარებულ მსჯელობას თუ გავიზიარებთ, ამ უწყების ქვემდებარე არ აღმოჩნდებოდა გირგვლიანის საქმის გამოძიებაც, რადგან გამოძიება 117-ე, 143-ე და 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარმოებდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთი მხრივ მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს, გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები და საქმის გამოსაძიებლად გადასცემად შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს, ხოლო მეორე მხრივ პროკურატურამ უზრუნველყოს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ გადაცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics