17:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-31 19:10:45, 4142 ნახვა

სამართალი
სასამართლო დავები და რეზონანსული საქმეები - წლის შეჯამება

2019 წელი ქართველი საზოგადოებისთვის პოლიტიკური და სამართლებრივი  თვალსაზრისით საკმაოდ რთული და დატვირთული აღმოჩნდა. წინა წლებთან შედარებით, არანაკლებ ხმაურიანი და გამორჩეული იყო წლევანდელი მოვლენები ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ წლევანდელმა სასამართლო პროცესებმა და გახმაურებულმა საქმეებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოების დიდ ნაწილზე. მათ მნიშვნელოვანი გამოხმაურება და კრიტიკა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც მოჰყვა.

წინააღმდეგობებით აღსავსე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მძიმე და ხმაურიანი აღმოჩნდა წლის მეორე ნახევარი, როდესაც ქვეყანას საპროტესტო აქციების ტალღამ გადაუარა.  „გავრილოვის ღამე“ 2019 წლის განმავლობაში მთავარ მოვლენად იქცა, რასაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა და რომელსაც თან ახლდა დაკავებების სერიები. 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული ქართული საზოგადოების ნაწილი, სხადასხვა მიზეზებით, ხშირად იდგა  ქუჩაში.

წლის მთავარი საპროტესტო გამოსვლა 20 ივნისის აქცია აღმოჩნდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ აქციებს, რომელიც დღემდე მიმდინარეობს და 2020ა წლისთვისაც დაგეგმილია. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისს „ერთმორწმუნეობის“ ფარგლებში ესტუმრა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე ჩამოვიდა. ხელისუფლების მტკიცებით, გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუკითხავად მოირგო. თავად რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული. რუსი დეპუტატის ქცევა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. ქართულმა საზოგადოებამ მთავრობას რუსი კომუნისტი მაღალჩინოსანისთვის საქართველოს პარლამენტში საპატიო ადგილის შეთავაზება არ აპატია. შემდეგ ოპოზიციაც გაერთიანდა, თუმცა მათთვის სასურველი შედეგი, ჯერ ვერ დადგა. 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე ხელისუფლებამ მოქალაქეების დაშლის მიზნით ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მათგანმა კი თვალიც დაკარგა. ხელისუფლების თქმით, მოქალაქეების დაშლა აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ისინი საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობდნენ. შსს-მ 20 ივნისის აქციაზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 პირი დააკავა. მათგან საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესები, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ედებათ და რომელსაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება. გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ ხელისუფლების წარმომადგენლისადმი თავდასხმა. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. 

რაც შეეხება მთავრობის პასუხს 20 ივნისის მოვლენებზე – მმართველი პარტიის მეთაური ხალხს ჯერ პროპორციულ არჩევნებს დაჰპირდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა. აღნიშნულს სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციის და მთლიანად საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც პარლამენტი კვლავ საპროტესტო ტალღის ქვეშ მოექცა. ამ მხრივ აღსანიშნავია 18 ნოემბრის საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი დააკავა. 

ამასთან, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის საკმაოდ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკანორ მელიას დაკავება და მისი სასამართლო პროცესიც, რომელსაც ბრალი 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეეზღუდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს ნიკა მელია საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ბანკი ქართუს“ საქმეზეც და მას 25 000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, მას დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიასთან ერთად დამნაშავედ ცნო იუსტიციის ყოფილი მინისტრი  ზურაბ ადეიშვილიც, რომელსაც 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანს ბრალი „ბანკი ქართუს“  საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში ედებოდათ. 

წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი და მეტად გახმაურებული მოვლენა აღმოჩნდა „თიბისი ბანკის“ საქმე, რომელიც საზოგადოების მაღალი ინტერესის თემად მას შემდეგ იქცა, რაც გენერალურმა პროკურატურამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე.წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე მიმდინარეობდა. საქმეზე გამოკითხულია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი. პროკურატურის ცნობით, როგორც გამოძიებამ დაადგინა 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის კუთვნილმა შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკისგან", სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო. ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო უწყების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს,  რომ აღნიშნული ტრანზაქციის კანონიერება შესაბამისი ორგანოების, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საერთაშორისო აუდიტორების მიერ უამრავჯერ შემოწმდა და მაშინ ამ მიმართულებით შენიშვნები არ გამოთქმულა. მისივე განცხდებით, ბანკი ორკესტრირებული პოლიტიკური თავდასხმის ქვეშ იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მოგვიანებით საქმე არსებით განხილვაში გადავიდა, რომლის პროცესებიც საქალაქო სასამართლოში დღემდე გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი სტრასბურგში, უზენაეს სასამართლო ორგანოში მიმდინარეობდა, „რუსთავი 2“-ის საქმე ქართველი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა. აღნიშნულზე დავა ტელეკომპანიის წილების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, რომელიც განსახილველად და საბოლოო განაჩენის გამოსატანად სტრასბურგის უზენაეს სასამართლოს გადაეცა. 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ  "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. ამას გარდა, სასამართლომ ძალაში არ დატოვა აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომლის თანახმადაც 2017 წელს ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს აღარ გადაუფორმდა. აქედან გამომდინარე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კვლავ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე. შეიძლება ითქვას, რომ კეთილი ექიმი იქცა საქართველოში უზომო პროპაგანდის მსხვერპლი და მოექცა ტელევიზიებიდან მომდინარე ისტერიული მოწოდებების გავლენის ქვეშ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არსებობდა რამდენიმე ვერსია. ქართული მედია რამდენიმე დღის განმავლობაში აჟღერებდა ვერსიას იმის შესახებ, თითქოს ვაჟა გაფრინდაშვილს სურდა დახმარებოდა ლეგინგორის რაიონის მცხოვრებ თამარ გიგაურს, რომელმაც დაზიანებები მიიღო უბედური შემთხვევის გამო. ეს ვერსია არ ჩანდა ლოგიკას მოკლებული, რადგან გაფრინდაშვილი ორთოპედ-ტრავმატოლოგია. მაგრამ იმ დროისთვის დაზარალებული უკვე გაწერილი გახლდათ რესპუბლიკური საავადმყოფოდან, სადაც მიიღო საჭირო მომსახურება, ამასთან მან განაცხადა, რომ თბილისიდან ექიმს არ ელოდებოდა. თავად დაკავებულმა ექიმმა კი განაცხადა, რომ სურდა რამდენიმე წმინდა ადგილისა და ეკლესიის მონახულება სოფელ „მონასტერთან“ ახლოს, ლენინგორის რაიონში. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა 28 დეკემბერს ის გაათავისუფლა. „კაგებეს“ ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა, რომელსაც შეწყალების თხოვნით თავად ექიმმა მიმართა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს უკავშირდება. აღნიშნულს საზოგადოების მაღალი დაინტერესება მოჰყვა. ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, მისივე სახლთან დაჭრეს, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

გამსახურდიას საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა, ხოლო 22 დეკემბერს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. 1 პირი კი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. 

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას სახელს უკავშირდება, რომელიც პოლიციამ 18 ნოემბრის აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა. ბრალდებული, რომელსაც იარაღის უკანონოდ ტარებას ედავებოდნენ ახალი მუხლიც დაუმატეს - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი რურუასთვის დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღება უნდა მომხდარიყო, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა. გარდა „მთავარი არხის“ მეწილეობისა, რურუა დაკავშირებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და მოძრაობა „სირცხვილიას“ ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.  მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ. აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 31 დეკემბერს მიიღო და ბრალდებული გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ, თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი შემთხვევა, რომელსაც 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობა მოჰყვა. მოზარდმა სკოლის კედლებზე წარწერა: „ამ ცხოვრების დედაც“ დაწერა, რის გამოც საჭირო გახდა პოლიციის მხრიდან მოზარდის დაკითხვა. დაკითხვის შემდგომ ლუკა სირაძე შენობის მე-9 სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა. მოზარდი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა დასახელდა. საქმის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა, რომელსაც სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდება წაუყენეს. 

შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის მთავარი სასამართლო დავები წლის მეორე ნახევარში დაიწყო, რომელთა ნაწილიც ჯერ არ დასრულებულა და საქალაქო სასამართლოში დავა 2020 წელსაც გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics