20:53 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-31 16:04:49, 10353 ნახვა

პოლიტიკა
დაპირისპირებებით სავსე ქალაქი - 2019 წლის პოლიტიკური შეჯამება

დაპირებებით, იმედგაცრუებებით, დაპირისპირებებითა და ხმაურით სავსე 2019 წელი სრულდება. მიმდინარე წელი საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური აღმოჩნდა.

მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ამჯერადაც პარლამენტი მოექცა, რომელმაც დაძაბული განხილვების ფონზე, არაერთი რეზონანსული გადაწყვეტილება მიიღო.

2019 - პოლიტიკური კრიზისების წელია, რომელიც სრულდება საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლითა და ოპოზიციის გაერთიანებით. მმართველი გუნდიდან პოლიტიკსთა გასვლის პროცესი დეპუტატი ეკა ბესელიას გუნდთან დაპირისპირებითა და რამდენიმე დეპუტატის წასვლით დაიწყო, რისი მიზეზიც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების 10 კაციანი სია გახდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გუნდი დატოვეს იმ დეპუტატებმაც, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდამჭერები იყვნენ, თუმცა მაჟორიტარებთან მოლაპარაკების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა შეინარჩუნა.

ყველაზე მწვავე და დასამახსოვრებელი მოვლენა 2019 წელს, "გავრილოვის ღამედ" წოდებული დღე იყო, როდესაც მოსახლეობამ 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებული იხილა. ამ მოვლენამ, რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი. დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებიც 90 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

20 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მოსახლეობა ოკუპაციის გასაპროტესტებლად, პარლამენტთან შეიკრიბა, რასაც მოჰყვა აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლის გამოყენებით. დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის 80 სამართალდამცველი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ახალგაზრდამ დაკარგა თვალი.

ამასთან, "გავრილოვის ღამე" გარდამტეხი აღმოჩნდა ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატისთვის, ნიკა მელიასთვის, რომლის წინააღმდეგაც პარლამენტის შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით საქმე აღიძრა, წლის ბოლოს კი, პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუჩერა.

ამის შემდეგ, დემონსტრანტების მოთხოვნა იყო იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასი და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა.

მმართველმა გუნდმა, განვითარებული მოვლენების შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და აქციის მომდევნო დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის გადადგომას ასევე ითხოვდნენ, მალევე დაწინაურდა და პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

აღნიშნულმა ოპოზიციის და საოზგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ამიტომ კიდევ ერთი მოთოხნვა დააყენეს - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. მმართველმა გუნდმა თავდაპირველად გაითვალისწინა ეს მოთხოვნა და თითქოს, მოსახლეობასთან დათმობაზე წავიდა. 24 ივნისს, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც ხალხს პროპორციული არჩევნების შესრულებას დაპირდა. თუმცა, პროტესტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო, როდესაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, 101 ხმით ჩააგდო.

პარლამენტის პიკეტირება, ბოქლომები პარლამენტის კარზე - ამ ფორმით ოპოზიციამ და მოსახლეობამ პროპორციული არჩევნების ჩაგდება გააპროტესტეს. ამის გამო, საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები 13-მა დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის იყო პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი. სამართალდამცველებმა აქციები წყლის ჭავლის გამოყენებით არაერთხელ დაშალეს. სხვადასხვა აქციაზე დააკავეს და გაასამართლეს არაერთი პირი - მათ შორის იყვნენ მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები.

აღნიშნულ მოვლენას მოჰყვა ოპოზიციური პარტიების ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანება. კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" თემა დახურულად ცნო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უცვლელი სისტემით დატოვა, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მმართველ გუნდსა და ოპოზიცია შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო, რომლებიც უშედეგოდ დასრულდა.

ხმაურიანი პროცესების კულმინაცია - 12 დეკემბერს დადგა, როდესაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი დაიწყო. იურიდიული საქმეთა კომიტეტის წაყვანა, ანრი ოხანაშვილს ხმაურის ფონზე მოუწია.

ამის მიუხედავად, საკითხი პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე გაიტანეს. მოსამართლეთა სიის კენჭისყრის პროცესი, რომელსაც ოპოზიციამ "კლანის სია" შეარქვა, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმით დაიწყო, რის შედეგადაც რამდენიმე დეპუტატი და პარლამენტის თანამშრომლები შეუძლოდ გახდნენ. ამის გამო კენჭისყრის გადადება გახდა საჭირო, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14 მოსამართლედ აირჩია. აღნიშნული გააპროტესტა ეკა ბესელიამ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა.

შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის მთავარი სადავო საკითხი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემაა, რომლის გარშემო მმართველი გუნდი და ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება. 2020 წელს მათ შორის მოლაპარაკებები დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით განახლდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics