17:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 17:55:04, 2361 ნახვა

ეკონომიკა
რამდენ პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი - ფინანსთა სამინისტროს განმარტება

საქართველოს ფინანასთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მომავალი 2020 წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას აანონსებს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, მსოფლიო სავალუტო ფონდისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას ოპტიმისტური პროგნოზი აქვს.

ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებელ პროექტს განიხილავდნენ.

„2020 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მეორედ გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში უკვე შევიდა, თუმცა ეს არის იდენტური, რაც იყო 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს წარდგენილი. ჯერჯერობით მასში ცვლილებები არ განხორციელებულა და არც ის წინადადებებია გათვალისწინებული, რაც პარლამენტის მიერ იყო წარმოდგენილი, მაგრამ საბოლოო ვერსიაში უკვე, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ბიუჯეტს ექნება, ამასაც ავსახავთ. მათ შორის, იგულისხმება როგორც შიდა გადანაწილება, ასევე დამატებითი რესუსრების მობილიზება, საჭიროების შემთხვევაში.  

წელს ბიუჯეტი 4.5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე გვქონდა დაგეგმილი. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს, ამ წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს, - ბიუჯეტის 5-პროცენტიანი ზრდა.  მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაზე გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზის მიხედვით, შემცირდა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპი. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზეც, ამიტომ 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა არის, რა თქმა უნდა, საკმაოდ ამბიციური განაცხადი. ჩვენ ძალიან აქტიური კონსულტაციები გვქონდა სავალუტო ფონდთან, მოგეხსენებათ, ორკვირიანი ვიზიტით იყო სავალუტო ფონდის მისია ჩამოსული. გვქონდა აქტიური დიალოგი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყანის ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი და სავალუტო ფონდის პროგნოზი ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავდება, ისინი შედარებით პესიმისტურად არიან განწყობილი და ფიქრობენ, რომ ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდა გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ ცოტა უფრო ოპტიმისტური პროგნოზი გვაქვს,“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე მსოფლიო სავალუტო ფონდთან რამდენიმე სამუშაო განხილვის შემდეგ შეჯერდებიან. სამუშაო განხილვები კი მიმდინარე კვირაში დაიწყება:  

„მსოფლიო სავალუტო ფონდთან, მიმდინარე კვირის განმავლობაში, რამდენიმე სამუშაო განხილვა გვექნება. შესაძლოა, ჩვენი პროგნოზები ერთმანეთს არ დაემთვეს, თუმცა შევთანხმდებით საბოლოო მაჩვენებლებზე, რის მიხედვითაც დავგეგმავთ მომავალი 2020 წლის ბიუჯეტს და შემდგომში უკვე, შესაძლებელია, ეს ბიუჯეტი გადაიხედოს. საბოლოო ჯამში რაც დაიგეგმება, ბოლო ვერსია ასევე შეთანხმებული იქნება სავალუტო ფონდთანაც,“ - აღნიშნავს გიორგი კაკაურიძე.

მეორე მნიშვნელოვან მიღწევად ფინანსთა მინისტრის მოადგილე საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელს მიიჩნევს, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში, საგრძნობლად შემცირდა:   

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელს, რასაც ასევე, მსოფლიო სავალუტო ფონდთან შევათანხმებთ. 2016 წელს საკმაოდ მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი გვქონდა, 4 პროცენტს აღწევდა, რაც, რა თქვა უნდა, კარგი არ იყო. მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩავერთეთ, სავალუტო ფონდის აქცენტი იყო გამახვილებული სწორედ იმაზე, რომ დეფიციტი შეგვემცირებინა და ჩვენ უფრო სწრაფი ტემპებით შევძელით დეფიციტის შემცირება, ვიდრე ეს თავდაპირველ ვერსიაში იყო გათვალისწინებული. პროგრამა იყო დაფუძნებული იმაზე, რომ 2020 წელს, 3-პროცენტიან დეფიციტს უნდა ჩამოვცდენოდით. ჩვენ უფრო მალე მოვახერხეთ ამის შემცირება, წელს უკვე 2.6 პროცენტი გვაქვს დეფიციტის მოცულობა დაგეგმილი, თუმცა, დამატებითი შემოსავლების ხარჯზე, შესაძლოა, კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზეც გავიდეთ, რაც წლის ბოლოს გამოჩნდება,“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

როგორც კაკაურიძე აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ განათლების სფეროში მნიშვნელოვანი თანხის ჩადებას აპირებენ, შესაძლოა, 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდოს:

„იმის გათვალისწინებით, რომ განათლების სექტორში ვაპირებთ მნიშვნელოვანი თანხების ჩადებას, სავალუტო ფონთან უკვე შეთანხმებულია, რომ 2020 წელს დეფიციტის მაჩვენებელი მცირედით გაიზრდება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში,  2.6 პროცენტის ნაცვლად 2. 7 პროცენტს მიაღწევს. ეს არის მეორე პარამეტრი, რომელსაც ნამდვილად ვერ შევცვლით და ვერ გადავხედავთ. ამ დეფიციტის ზრდა, რაც 2020 წლის ბიუჯეტშია წარმოდგენილი, არ შეიცვლება, ვინაიდან ამაზე სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება. 2.5-დან 2.7 პროცენტამდე დეფიციტი არის ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენი ვალის მასტაბილურებელი ნორმაა და თუ ამ დეფიციტის ფარგლებში ვიქნებით წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვალის კლებადი ტენდენციის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი. ამიტომ მომავალშიც, ბიუჯეტი უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული ამ მიმართულებებზე, რათა ერთის მხრივ, ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი და მეორე მხრივ, არ შეიქმნას რისკები ზოგადი ეკონომიკის განვითარების კუთხით,“- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე განმარტებით, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და 2.7-პროცენტიანი დეფიციტი, კაპიტალური პროექტების ჯამურ მოცულობასთან ერთად, არის ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას და რომლის შესრულების ალბათობაც საკმაოდ მაღალია.

ნონა ქარქაშაძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics