|
2019-11-09 18:33:02, 1973 ნახვა
სამართალი
„დაიწყოს გამოძიება ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ“ – GDI სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს
სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას“ 8 ნოემბერს ფილმის „And then We Danced“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში კინოთეატრებთან მომხდარ ინციდენტებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად საკმარისი არ იყო. ისინი სამართალდამცავი ორგანოებისგან ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ, მთავრობას კი მოუწოდებენ, „ძალადობრივი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე უარი თქვას“. „მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოავლინოს შესაბამისი ძალისხმევა და მკვეთრი პოლიტიკური ნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, აუცილებელია გატარდეს ღონისძიებები ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ, რაც აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში და ქმნის დაუცველ და არატოლერანტულ გარემოს. 8 ნოემბერს საღამოს ფილმის პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ძალადობრივი ჯგუფები თბილისის და ბათუმის რამდენიმე კინოთეატრის შესასვლელთან შეიკრიბნენ. შეკრებას წინ უძღოდა მათი ლიდერების აგრესიული განცხადებები და მოწოდებები კინოთეატრებში შეჭრისა და ფილმის ჩვენების ჩაშლის შესახებ. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა თბილისში კინოთეატრ ამირანთან, სადაც ძალადობრივი შეკრების მონაწილეები პერიოდულად აწვებოდნენ პოლიციის კორდონს და მის გარღვევას ცდილობდნენ. ხშირი იყო უკიდურესად ძალადობრივი ქმედებებიც. მაგალითად, სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს შეკრების მონაწილემ მყარი ნივთი ესროლა და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა. ამის გარდა აგრესიის მსხვერპლი პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილიც გახდა, რომელიც პოლიციის კორდონით განარიდეს კინოთეატრს. შეკრების მიმდინარეობისას ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან არ წყდებოდა ჰომოფობიური და მუქარის შემცველი აგრესიული შეძახილები იმ პირების მიმართ, რომლებიც კინოთეატრში ფილმის სანახავად შედიოდნენ. შეკრების მონაწილეები, ისევე როგორც მათი ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვასაძე, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს და ზოგიერთ შემთხვევაში ხელს უშლიდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. უარყოფითად უნდა შეფასდეს ხელისუფლების უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯაროდ იმუქრებოდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნულ განცხადებებზე ხელისუფლების მხირდან რეაგირებას და სულ მცირე გამოძიების დაწყებას შესაძლოა პრევენციული ეფექტი ჰქონოდა და ხელი შეეშალა ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისთვის. ბოლო წლებში აშკარაა აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება. წარსულში მათი აგრესიული ქმედებები არა ერთხელ გახდა მშვიდობიანი შეკრებების უკანონოდ შეზღუდვის საფუძველი (მაგალითად კლუბ ბასიანის სპეცოპერაციის შემდეგ გამართული აქცია, 20 ივნისის მოვლენების შემდგომ გამართული აქციები „სირცხვილია", თბილისი პრაიდი და ა.შ.). ხშირია აღნიშნული ჯგუფების გააქტიურება მაშინაც, როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფები ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილების გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდნენ. სამწუხაროდ წარსულში მომხდარი არც ერთ ძალადობრივ შეკრებას ხელისუფლების მხირდან ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. უყურადღებოდ რჩება ასევე აღნიშნული ჯგუფების ლიდერების მოწოდებები ძალადობისკენ. ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება უფრო მეტად ახალისებს აგრესიას და სახიფათო ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას უწყობს ხელს. არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ძალადობრივი ჯგუფების შესაძლო კავშირები რუსეთთან და ხელისუფლების ორგანოების ინერტულობა იმ საფრთხეების მიმართ, რაც ასეთი ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება ახლდეს თან. მაგალთად, შეკრების დროს განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოში პრიმავოკის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე. აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უდავოდ წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს უფლებასა და მონაპოვარს, რომლითაც სარგებლობა თანაბრად უნდა შეეძლოს საზოგადოების ნებისმიერ წევრს, მათ შორის რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს. თუმცა მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითი და მყისიერი საფრთხე, რომ პროტესტი გადაიზრდება ძალადობაში, ხელისუფლებას უჩნდება ლეგიტიმური საფუძველი პროპორციული ზომების გამოყენებით აღკვეთოს ასეთი ქმედებები. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს: 8 ნოემბრის ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით; გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი გუშინ ჩადენილი თითოეული დანაშაულის შემთხვევაში და შესაბამისი მოტივით ეფექტიანად წარიმართოს გამოძიება, რამაც საბოლოო ჯამში თითოეული დამნაშავის დასჯა უნდა უზრუნველჰყოს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს ადეკვატური და ქმედითი ზომები 9 და 10 ნოემბერს დაგეგმილი კინოჩვენების სეანსების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით; ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს წინდახედულობა, უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; მედიის განვითარების ფონდი; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა ცენტრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)