2015-07-17 17:38:10, 510 ნახვა
სამართალი
თეა წულუკიანი „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პრეზენტაციას დაესწრო
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრეზენტაციას, თავის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად დაესწრო.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია, მისცეს მოზარდებს სპეციალური, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და განსაკუთრებული მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა ამგვარი სპეციალური კოდექსი საქართველოს კანონმდებლობისთვის სრულიად ახალი ინსტიტუტია და თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისთვის არამარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ პროექტს წარმოადგენს.
ძირითადი პრინციპები, რომლებსაც „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ეყრდნობა, შემდეგია: არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა; ნასამართლობის გაქარწყლება; ინდივიდუალური მიდგომა; პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში; მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა; პატიმრის/ თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები; პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა; თანაზომიერება და შესაბამისობა.
სამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისულფების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთა მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. აიკრძალება არასრულწლოვნისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი.
განრიდების გამოყენება შესაძლებელი გახდება საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგაც-სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განრიდების გამოყენების მიზნით საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას.
ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვანის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისაა. ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული.
ამდენად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვანთა ცხოვრებისთვის ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაწყებისა და რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ დაწესებულებაშიც კი. კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მისი ცალკეული დებულების გავრცელებებას 18-21 წლის პირებზეც.
კოდექსზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გაეროს ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მუშაობის პროცესში გათვალისწინებულ იქნა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. კოდექსის ამოქმედება დაგეგმილია 2016 წლის 1 იანვრიდან.
ამასთან, იმ მუხლების ძალაში შესვლა, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, იგეგმება 2016 წლის 2017 წლის 1 იანვრიდან.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს.
პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის პროექტის-„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოშო“ -ხელმძღვანელი რენატე ვინტერი, ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან