|
2019-10-16 10:51:28, 834 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ლილუაშვილი: საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს
„ქვეყნის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები მნიშვნელოვანი გამოწვევაა. „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ა.შ. უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები. ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატები, ვგულისხმობ IPRM-ის ცნობილ ფორმატს და ჟენევის ფორმატს“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედევად ზემოაღნიშნულისა, სუს-ი საერთაშორისო პარტნიორების- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს და გაეროს დახმარებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას ადგილზე არსებული მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. „თუმცა აქვე მოგახსენებთ, რომ ეს არ არის ძალიან ეფექტური, ვინაიდან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმების და მუქარის ტონით საუბარი, შედეგად აღნიშნული ფორმატების ფარგლებში გამართული შეხვედრები მეტწილად არის ნაკლებად შედეგიანი. რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, ბოლო წლების სამწუხარო საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავებაც საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)