|
2019-05-21 17:00:24, 1323 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ხელი მოვაწერეთ ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას ევროკავშირში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა სტეფან კუბივმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც ორ ქვეყანას შორის მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შევიდა ცვლილება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირში ექსპორტის გამარტივების შესაძლებლობას მოგვცემს. მისივე განცხადებით, DCFTA -ს ქვეყნებს შორის არსებული ახალი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ისეთი სქემების ამოქმედება, რომლებიც პროდუქციის ერთობლივი გადამუშავების საშუალებას გააჩენს. „იცვლება პრიორიტეტები, წინ მივიწევთ ყველა ქვეყანა, ვინც არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მონაწილე. ახალი პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა ისეთი სქემის ამოქმედება, რომელიც საშუალებას მოვცემს, ერთობლივად გადავამუშავოთ პროდუქცია. პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება უკრაინაში და დასრულდება საქართველოში, უფრო მარტივად მიეწოდება ევროკავშირის ბაზრებს და ასევე პირიქით, პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება საქართველოში და დასრულდება უკრაინაში, უკეთესად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ხელმოწერა უკრაინის ქალაქ კიევში მიმდინარე ევროკავშირისა და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) პარტნიორების ვაჭრობის საკითხებზე მეორე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ შესაძლებელია იქნება როგორც უკრაინული, ასევე ევროკავშირში წარმოშობილი ნედლეულით, საქართველოში მარტივი გადამუშავებით დამზადებულმა პროდუქციამ, უკრაინაში და/ან ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლოს ამ ქვეყნებთან არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. მაგალითად, უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას თუ დღეს დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ, უკვე დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და მისი ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)