08:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 13:08:56, 1217 ნახვა

პოლიტიკა
ლილიან მორი პასკიე - ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილია

ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია.

„საქართველოს მიმართ ჩვენი პოზიცია ნათელია - არ ვეგუებით ოკუპაციას და ძალიან გვაღელვებს ეს ფაქტი. ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ძირითადად ვეყრდნობით ხოლმე გენერალური მდივნის ანგარიშს, რომელიც გვაძლევს სრულ ინფორმაციას საქართველოს თაობაზე. არსებობს შემაშფოთებელი ფაქტები და ეს ძალიან გვაღელვებს. ჩვენი შესაძლებლობები ამ თემებზე რეაგირებისთვის შედარებით შეზღუდულია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ურთიერთობები გამყარდეს ხალხებს შორის, ვგულისხმობ ხალხთა შორის დიალოგს. უნდა აღდგეს და გამყარდეს ნდობა. კონტაქტები ადამიანებს შორის არის ის, რაც მიგვიყვანს პრობლემის საბოლოო გადაწყვეტამდე. სიტუაცია ნამდვილად რთულია, მაგრამ სწორედ ნდობის აღდგენა შეიძლება იყოს გამოსავალი. ხალხისთვის, რომლიც იქ ცხოვრობს, ვითარება ნამდვილად საშიშია. საქართველოს ხელისუფლება, ჩემი აზრით, ბევრ რამეს აკეთებს იმისათვის, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესდეს, რათა იქ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილდეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლილიან მორი პასკიემ.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ხმის უფლება შეჩერებული აქვს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ამ უფლების დაბრუნებას მუდმივად ცდილობს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და მინისტრთა კომიტეტი, ვფიქრობთ იმაზე, რომ ეფექტური და პოზიტიური გამოსავალი მოვძებნოთ ამ საპასუხისმგებლო და  პრობლემური სიტუაციიდან. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ევროპის კონტინენტის ყველა მოსახლეზე და იმის გამო, რომ ეს დელეგაცია არ არის ჩვენ შორის, ჩვენ ვიცავთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ნაწილია იმ 830 მილიონისა. მომხრე ვარ, რომ ერთად დავსხდეთ მაგიდასთან, ვისაუბროთ და მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის. ამ პრობლემის გამო ვერ წყდება ბევრი საკითხი. ფაქტია, რომ სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს. ჯერჯერობით, ეს რჩება გამოწვევად, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. ეს მოცემულობა ყველა ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ვთვლით, რომ მინისტრთა კომიტეტმა და საპარლამენტო ასამბლეამ უკეთესი მონიტორინგი უნდა წარმართონ იმის დასადგენად, თუ რა უნდა მოხდეს მაშინ, როცა რომელიღაც დელეგაცია არღვევს ჩვენს წესდებას. როგორ შემოვირიგოთ ის, როგორ დავსვათ ის მოლაპარაკების მაგიდასთან. გარდა ამისა, ჩვენ რეზოლუციაში უკვე ვთქვით, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები. მათ შორის, ფინანსურიც. ორივე ორგანოში – მინისტრთა კომიტეტშიც და საპარლამენტო ასამბლეაშიც, უნდა იმუშაოს ორგანიზაციამ და საწევროც გადაიხადოს“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics