|
2015-06-24 18:14:04, 362 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: ქვეყანაში ეროვნული ბანკის უარგუმენტოდ დანაწევრების პროცესი მიმდინარეობს
ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტოდ დანაწევრების პროცესი, - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აბაშიშვილმა ეროვნული ბანკიდან საბანკო საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. "ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტოდ დანაწევრების პროცესი. საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ძალიან მაღალპროფესიონალურად ასრულებს საკუთარ საქმიანობას, მათ შორის - განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის სფეროში. იმავდროულად, საუბარია ისეთი ტიპის ცვლილებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და საქართველოს მთავრობის განკარგულებას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს და, რომელიც სწორედ 2015 წელს ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმას ეხება. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნესასოციაციების, ექსპერტების, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ძალიან ღია შეფასებებს. სამწუხაროდ, კანონპროექტის ავტორების და არც მათი მხარდამჭერების მხრიდან ამ დრომდე არც ერთი, თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტები არ ყოფილა წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია. კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია პიროვნებების გამო ინსტიტუტების ასეთი ნგრევის პროცესი, რომელსაც ახლა აქვს ადგილი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ცვლილებების აღნიშნული არგუმენტით განხორციელება შემაშფოთებელია იმ ფონზეც, როდესაც გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურება. "კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთლიანობაში ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. შესაბამისად, ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებზე შესაბამისი პასუხისმგებლობა მის ყველა მხარდამჭერს ეკისრება", - აღნიშნა აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)