23:53 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 12:36:13, 1282 ნახვა

პოლიტიკა
​უზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა - ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის შეფასებით, უზენაეს სასამართლოში რთული მდგომარეობაა შექმნილი.

ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტში აქტიურად და ღიად წარიმართოს.

"სახალხო დამცველის მოსაზრებით, რეფორმამ პასუხი უნდა გასცეს შემდეგ გამოწვევებს:

• მოსამართლეობის კანდიდატები ღია, სამართლიანი ინკლუზიური პროცესით უნდა შეირჩნენ. ყველა მსურველს, ვინც აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, უნდა შეეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება;
• დასარეგულირებელია ინტერესთა კონფლიქტის საკითხი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრებს არ უნდა შეეძლოთ თავიანთი კანდიდატურების უზენაეს სასამართლოში წარდგენა ან მათი ნომინირების შემთხვევაში, მათ ხმა არ უნდა მისცენ საკუთარ თავსა და კონკურენტ კანდიდატებს;
• საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირების პროცესი მეტ ლეგიტიმაციასა და სანდოობის გაზრდას საჭიროებს. ან უნდა გაიზარდოს საბჭოს არამოსამართლე წევრების პროცესში მონაწილეობა, ან საბჭოს გადაწყვეტილების სანდოობისა და არჩევის პროცესში პლურალიზმის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტს ერთ ადგილზე რამდენიმე კანდიდატი უნდა წარედგინოს;
• უნდა დადგინდეს საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის გამჭვირვალე და დეტალური პროცედურა; ამ პროცესის საერთო გამოწვევას წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებული უნდობლობა და მის ხელში დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ საუბარია იმაზე, რომ „...არსებობს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელყოფის ინდიკაციები“ და რომ „მოსამართლეები მოწყვლადები არიან როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური ჩარევებისგან“. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველიც საუბრობდა იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი.

რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 იანვრიდან მოყოლებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრებზე წარმოდგენილ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებული ცვლილებების კანონპროექტი. სამწუხაროდ, განხილვების დროს გამოთქმული მნიშვნელოვანი და ძირეული საკითხები მასში არ ასახულა. პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მიუღებელია კანონის პროექტში კრიტერიუმების დადგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს პოტენციური კანდიდატების წრის მაქსიმალურ დავიწროებას. ბოლო ცვლილებები აღნიშნულ მუხლში პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს შეიტანა (კონსტიტუციის ახალი ვერსიის ჰარმონიზაციის პროცესში), თუმცა არც კრიტერიუმი და არც გამოცდის ჩარების მოთხოვნა კანდიდატებისთვის არ ყოფილა დადგენილი. არც საკონსტიტუციო სასამართლო, არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მოითხოვს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისთვის ფორმალურად გამოცდის ჩაბარების მოთხოვნას და მათი შერჩევისას, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მათი კომპეტენტურობის და კეთილსინდისიერების შეფასებას მაინც ახერხებენ. გამომდინარე იქიდან, რომ კრიტერიუმების ამ კუთხით დავიწროების არანაირი საჭიროება არ ყოფილა, სრულიად გაუგებარია ამ დებულების მიღების გამართლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა.

გარდა კრიტერიუმების პრობლემისა, შემოთავაზებული კანონის პროექტის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ხარვეზია ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე უნდა უზრუნველყოს. სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში ხელისუფლების დიდი კონცენტრაციაა. დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფა დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი ორგანოს მიერ, განსაკუთრებით საშიშია და სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს უფლებამოსილებების მაქსიმალური დეცენტრალიზაცია. სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს პოლიტიკური ზეწოლის მოწყვლადობის რისკი სასამართლოს შიგნიდან. ამაზე საუბრობს საქართველოში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალაუფლების დეცენტრალიზაციამდე, აუცილებელია გარკვეული საგამონაკლისო რეგულირების მიღება. კერძოდ, (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლა ფუნქციურად უნდა გაიმიჯნოს საბჭოსგან; (2) სასამართლოს თავმჯდომარეები თავად სასამართლოებმა უნდა აირჩიონ; (3) უნდა დადგინდეს გამჭვირვალე დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები; (4) მოსამართლეთა შერჩევადანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ამ ყველა გამოწვევის აღმოფხვრამდე, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ დამატებითი პროცედურული გარანტიების დადგენა. ეს შეიძლება გულისხმობდეს განხილვის გრძელ ვადებს, დამატებით დასაბუთებებს ან/და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მაღალ კვორუმს. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გულისხმობს როგორც ფუნქციების გამიჯვნას, ისე ურთიერთდაბალანსებას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასამართლო ხელისუფლება დიდი გამოწვევების წინაშე დგას, საქართველოს პარლამენტს ეკისრება ვალდებულება, შექმნას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გაზრდის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას.

და ბოლოს აუცილებელია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს პარლამენტში აქტიურად და ღიად წარიმართოს. წარმოდგენილი კანონპროექტით, პარლამენტში მთლიანი პროცედურის მხოლოდ მცირე ნაწილი მიმდინარეობს და დადგენილია განხილვის საკმაოდ მცირე ვადები. არ არის მითითებული, თუ ვინ შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფის წევრი, გაწერილი არ არის სამუშაო ჯგუფის როლი, საქმიანობა და ინფორმაციაზე წვდომის საკითხები. საბჭოს მიერ კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია არ ეგზავნება პარლამენტს. კანდიდატების მოსმენა მხოლოდ კომიტეტის სხდომაზე ხდება, სადაც კითხვების დასმა მარტო კომიტეტის წევრებს შეუძლიათ და არა სამუშაო ჯგუფის ან პარლამენტის სხვა წევრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პლენარულ სხდომაზე კანდიდატებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა არ არსებობს. ადამიანის უფლებების დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანი ფუნქციონირება. სწორედ ამიტომ ექცევა სასამართლო ხელისუფლების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში. აუცილებელია იმგვარი ინსტიტუციური ჩარჩოსა და მექანიზმის მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს ეფექტიან და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას და ამავე დროს, საზოგადოების ნდობასაც უზრუნველყოფს. უზენაესი სასამართლოს არჩევის წესის რეგულირება ის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც დამოკიდებულია სასამართლოს მიმართ ნდობა. მოსახლეობას, პროფესიულ და პოლიტიკურ წრეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მოსამართლეთა არჩევის წესი მაქსიმალურად გამჭვირვალეა და მიზანმიმართულია სასამართლო სისტემის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ", - ნათქვამია ანგარიშში. 

 

ანგარიში სრულად იხილეთ აქ

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics