23:47 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 13:17:42, 410 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს 6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო

დამისამართების პროექტის ფარგლებში, საქართველოს  6 ქალაქში კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება დაიწყო.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დამისამართების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში დაასრულა.  პროექტის მიმდინარე ეტაპზე კი,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 6 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ბოლნისსა და ლანჩხუთში დაიწყო.

დამისამართების პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების თაობაზე, დღეს,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია ის, რომ საცხოვრებელ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება მიმდინარე წლის  ინავარში დაიწყო და ამ დრომდე  49 163 რეგისტრაციის მისამართის დაზუსტება განხორციელდა. კონკრეტულ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიცირება 2015 წლის  ივნისში დასრულდება. ეტაპობრივად სამუშაოები სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

ამ ეტაპზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მობილურმა ჯგუფებმა საქართველოს 20 ქალაქში მთლიანად დაასრულეს ქუჩებისა და მათი დასახელებების, გზების პარამეტრებისა და საგზაო ნიშნების აღწერა-ინვენტარიზაცია. სრულად დაინომრა ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები და ბინები. სამუშაოები უკვე დასრულდა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავში, ფოთში, ზესტაფონში, სამტრედიაში, სენაკში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ქობულეთში, ხაშურში, ახალციხეში, გურჯაანში, საგარეჯოში, ბოლნისსა და მცხეთაში. ასევე, დამისამართდა მცხეთაში შემავალი სოფლები.

„დამისამართების პროექტზე მუშაობას სააგენტო აქტიურად აგრძელებს. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებას შეუწყობს ხელს. სამისამართო რეესტრის მოწესრიგების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახელებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები გახდება“,-აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ.

სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, შიო ხეცურიანის, განცხადებით, ახალ მისამართებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება  დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან მჭიდრო კავშირშია.

არარსებული, გამოტოვებული, ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს.

აღსანიშნავია, რომ  შეცვლილი მისამართების გამო, მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

"მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, რაც  ხელის შემწყობი ფაქტორი იქნება იმისა, რომ პროექტი წარმატებით დასრულდეს. თბილისის დამისამართება საჯარო რეესტრის კუთხით, უკვე დასრულებულია.საჯარო რეესტრი ბოლო შესწორებებს აკეთებს. მეორე ეტაპს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო დაიწყებს. სრულად პროექტი ივნისის თვეში დასრულდება",-აღნიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანმა.

დამისამართების პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას გააუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო, თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. სამისამართო სისტემის შექმნით ამ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იქნება, ყველა სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი, დაინომრება. პარალელურად,  ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

ქ. თბილისში   მისამართების სისტემური ნუმერაცია და არასწორი მისამართების კორექტირება მიმდინარეობს. ისეთი მისამართების გასწორება ხდება, რომლებსაც ნუმერაცია  არ აქვს და მისამართად  რაიმე გეოგრაფიული ობიექტია მითითებული (მაგალითად: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).  გარდა ამისა,  დუბლირებული მისამართების და ე.წ „იტალიური ეზოების“ ნუმერაციაც ხორციელდება.  ამ ეტაპზე დასრულებულია ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის, ისნის და სამგორის რაიონებში არსებული მისამართების კორექტირება. ასევე სამუშაოები მიმდინარეობს ნაძალადევის  რაიონშიც.

ამასთან,  საჯარო რეესტრი აქტიურად თანამშრომლობს  თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიასთან.  სააგენტოს მიერ მომზადებული ელექტრონული რუკების საფუძველზე, კომისიის მიერ უსახელო ქუჩებისათვის სახელის მინიჭება ხდება. 2014 წლის  განმავლობაში, საჯარო რეესტრიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს  სახელდების კომისისას  250 უსახელო ქუჩის  სამისამართო პროექტი გადაეგზავნა, რომლის საფუძველზეც  ქუჩების სახელდება მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics