|
2019-03-05 20:25:51, 1367 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ევროკავშირში წარმოვადგინეთ ჩვენეული საგზაო რუკა, რაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას დააჩქარებს
წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რაც დააჩქარებს და დააწინაურებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ასოცირების საბჭოს მე-5 შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ იოჰანეს ჰანს გულთბილი მიღებისთვის და ასოცირების საბჭოს დღევანდელი შეხვედრისთვის. მისივე თქმით, პირველი მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გასული წლის ნოემბერში შედგა. ამასთან, პრემიერის განცხადებით, განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მექანიზმი. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მაღალი დონის დელეგაცია საქართველოდან სტუმრობს ბრიუსელს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ახლად-არჩეული პრეზიდენტის პირველი და ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა ბრიუსელში. ეს აღმავალი დინამიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობები დინამიურად და ინტენსიურად ვითარდება.უდავოდ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და შევძელით გვესაუბრა იმ დიდ წინსვლაზე, რაც ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრს შეეხება. განვიხილეთ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება. საქართველო განაგრძობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემების გარდაქმნას, რათა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს შეუსაბამოს ისინი. პირველი მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გასული წლის ნოემბერში შედგა. მან ახალი დინამიკა შესძინა ჩვენს თანამშრომლობას და ასოცირების პროცესიც დააჩქარა. მან შესანიშნავი ფორმატი შექმნა ახალი იდეებისა და ინიციატივების განსახილველად. შევთანხმდით, რომ გულდასმით დავაკვირდებით ჩვენი დიალოგის ყველა სხვა ფორმატში მიღებულ შედეგს. დღეს განხილულ ყველა დადებით თემასთან ერთად შევეხეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის საკითხს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ყველა შემთხვევაზე - მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ბრუტალურ მკვლელობებზე - ჩვენს ერთობლივ პასუხს. განვიხილეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მისი განხორციელების მნიშვნელობა. მტკიცედ გვწამს ხალხთაშორის ურთიერთობების და მსგავსი ინიციატივების საშუალებით მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. განვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მექანიზმი. ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი. საქართველოს მონიტორინგის მისიის შენარჩუნების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მედიაციის ძალისხმევის გზით ევროკავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულება და ქვეყანას მხარს უჭერს არ-აღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გზით, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. განვიხილეთ ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის დახვეწის პროცესში მიღწეული წინსვლა, უვიზო მიმოსვლის უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ნაბიჯები და ზომები. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი აღმოჩნდა საქართველოს ევროპული გზის კონტექსტში და ვაპირებთ ჯეროვნად გამოვიყენოთ. ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მეწარმეები დიდ სარგებელს იღებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით მონიჭებული შესაძლებლობებით. დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განვიხილეთ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოჩინებისთვის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. შეხვედრაზე წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რომელიც ჩვენი რეფორმების კონსოლიდაციას ახდენს, თანამშრომლობის ყველა იმ ინსტრუმენტთან ერთად, რაც დააჩქარებს და დააწინაურებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ძალიან პროდუქტიულად გავცვალეთ იდეები დარგობრივი თანამშრომლობის შესახებ. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებით პროფესიული განათლების ნაწილში. ხარისხიანი განათლება აუცილებელია ადამიანური კაპიტალის ჩამოსაყალიბებლად. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და ადამიანური კაპიტალის შექმნაში ინვესტიციებით მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. განვიხილეთ ასევე საერთაშორისო კავშირების საკითხი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, რკინიგზის მოდერნიზების პროექტის, ანაკლიის ღრმა-წყლოვანი პორტის, საქართველოს აეროპორტებში სატვირთო ტერმინალის მშენებლობის და სხვა მსგავსი პროექტების შემუშავებისა და მშენებლობის მასშტაბების გაზრდის გზები. მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას საქართველოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვის მიმართ, რასაც „ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის“ სახე მიეცა და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. ყურადღება გავამახვილეთ ასევე შავი ზღვის აუზში გაზრდილი საერთაშორისო კავშირების საჭიროებასა და აქტუალურობაზე. ეს ხელს შეუწყობს და გაზრდის ევროკავშირის ვაჭრობას ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რაც უკეთეს წვდომას მისცემს ასევე რეგიონში მეწარმე ევროპულ კომპანიებსაც. ასევე მივესალმებით უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის დინამიკას. სანდო მოკავშირის რანგში ვალდებულება გვაქვს ნაკისრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის უბადლო ისტორიის შექმნაზე. მადლობელი ვართ საქართველოში ევროკავშირის ყოფნისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში თქვენი წვლილისა და მონაწილეობისთვის. ჩვენის მხრივ ვკისრულობთ ვალდებულებას ევროპაში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. გასულ წელს გავახანგრძლივეთ ჩვენი მონაწილეობის ვადა აფრიკის ცენტრალურ და მალის რეპუბლიკებში ევროკავშირის მისიების ფარგლებში. საკუთარ თავს დავპირდით, რომ ევროპასთან დაახლოების კონტექსტში წარმოვჩნდეთ რეგიონის მისაბაძ ქვეყნად და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პირობის შესასრულებლად - შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად. საქართველოს სახით ევროპას წარმატების მკაფიო მაგალითი აქვს, რადგან ბევრს ვმუშაობთ დემოკრატიის სფეროში დაწინაურების, ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო გაძლიერებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. გპირდებით, რომ ამ გზას ბოლომდე მივყვებით და იმედი გვაქვს, რომ ევროპულ ოჯახში სრულად შევდგებით და საკუთარ წვლილსაც შევიტანთ მასში. საქართველოსა და ჩვენს ხალხს სრული სიცხადით აქვს ნაკისრი ვალდებულება ევროკავშირისკენ სწრაფვის, ფასეულობებით გაჯერებული ცივილიზაციური არჩევანის - ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს - საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ ჰანს საქართველოს მისწრაფებისადმი მათი პირადი ერთგულებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში წარმატებით მივაღწევთ საერთო მიზნებს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)