|
2019-02-25 16:35:45, 1180 ნახვა
პოლიტიკა
სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტს ევროინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სექსუალური შევიწროების შესახებ პარლამენტის გენდერული საბჭოს კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. კანონპროექტთა პაკეტი განსახილველად, ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შრომით ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების საკითხის დარეგულირებაში. ცვლილების მიხედვით, დისკრიმინაციად (მათ შორის სექსუალურს შევიწროებად) ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ან/და პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. საქართველოს შრომის კოდექსს ემატება სექსუალური შევიწროების განმარტება, რომელიც მოიცავს პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევას. „საქართველოს შრომის კოდექსი იცნობს შევიწროების ტერმინს, როგორც დისკრიმინაციის ზოგადი დეფინიციის ერთ-ერთ ელემენტს, თუმცა, ის არ განმარტავს სექსუალურ შევიწროებას. ამ ტერმინზე იყო დისკუსიები, თუმცა პრობლემამ, რომელმაც თავი იჩინა საკმაოდ მწვავე სახე მიიღო, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს გარკვეული რეგულაციები, რომელიც ამ პრობლემის უფრო ზუსტ დეფინიციას მოგვცემს და შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისი განმარტებით, გენდერული საბჭოს ფარგლებში განხორციელდა იდეის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა ასახულიყო ეს ინიციატივა საკანონმდებლო სივრცეში. „წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმება მოხდა ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, რომელმაც ამ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა - ეს არის სახალხო დამცველის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არასამთავრობო სექტორი და რაც მთავარია, საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის და მაგალითების გათვალისწინებით ჩვენი პოზიციები ჩამოგვეყალიბებინა", - განაცხადა მომხსენებელმა. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს საქართველოს სახალხო დამცველს იურიდიული პირების და ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტების მიერ დისკრიმინაციული შინაარსის ქმედებებზე, იმოქმედოს კომპეტენციის ფარგლებში და განახორციელოს ყველა ის ქმედება, რასაც დღეს ახორციელებს საჯარო სექტორში მოქმედ პირებზე, ხოლო რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჰქონდეს შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება იმ იურიდიული პირისგან ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისგან, რომელმაც მისი ვარაუდით განახორციელა დისკრიმინაცია და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა. „შრომის კოდექსში გამოჩნდა დეფინიცია, რომელიც აზუსტებს თუ რა არის სექსუალური შევიწროება, ხოლო მის აღსრულებაზე მონიტორინგი განხორციელებული იქნება სახალხო დამცველის მეშვეობით, რომელსაც აქამდე არ ჰქონდა კერძო სექტორში შესვლის და გარკვეული მონიტორინგის უფლება. ამ კანონპროექტის მიხედვით სახალხო დამცველის აპარატს ისეთი უფლებები ენიჭება, როგორიც საჯარო სექტორში ჰქონდა", - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე თქმით, საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება, რომელიც პირველივე შემთხვევისას ოქმით აფორმებს დარღვევას, გამოწერს სანქციას, რაზეც უკვე დასტურს სასამართლო ახორციელებს. წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრასთან ერთად, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის შემთხვევაში შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს, რომელიც დადგენილია „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით". ამასთანავე, ცვლილებები შედის კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას სასამართლოში. საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმართვიანობა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული იყო სამ თვემდე ვადით, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებებით ეს ვადა გაიზარდა ერთ წლამდე. კანონპროექტი ითვალისწინებს სახდელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის განსაზღვრას (300-დან 1000 ლარამდე) და გამასწორებელ სამუშაოებს. „პირველ შემთხვევაში ჯარიმა გათვალისწინებულია 300 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევაში - 500 ლარის, დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის ჩადენა 500-800 ლარის და ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დანაშაულის განმეორების ჩადენის შემთხვევაში კი 800-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა", - განმარტა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დეფინიცია შევიწროება განსაზღვრული არის „გენდერული თანასწორობის შესახებ" და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონებით, აუცილებელია „სექსუალური შევიწროება", როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ნიშანი „შრომის კოდექსითაც" განისაზღვროს. „აუცილებელია „სექსუალური შევიწროება", როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ნიშანი „შრომის კოდექსით" განისაზღვროს. ჩვენი მოქალაქეები დაცულნი უნდა იყვნენ დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინებისგან როგორც სამსახურში, ისე საჯარო სივრცეში. ამასთან, ისინი თანაბრად უნდა იყვნენ დაცული როგორც კერძო ასევე, საჯარო სამსახურებში. სწორედ, ამ პრინციპის დანერგვას ისახავს მიზნად წარმოდგენილი კანონპროექტი. ცვლილების მიხედვით, სახალხო დამცველის სამსახური, როგორც თანასწორობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტი უფრო ქმედითი და ეფექტიანი გახდება. მას ეძლევა შესაძლებლობა კერძო კომპანიებისა და დამსაქმებლებისგანაც გამოითხოვოს ინფორმაცია, შეისწავლოს შევიწროების შემთხვევები და გასცეს რეკომენდაციები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში ის უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისივე თქმით, კანონპროექტის მიღებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის ევროსაბჭოს, სტამბოლის კონვენციასთან, გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანთან და ევროკავშირის დირექტივასთან, მამაკაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობების და თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მიესალმა კანონპროექტთა პაკეტით წარმოდგენილ ცვლილებებს. „კანონპროექტში კარგად არის ჩამოყალიბებული „სექსუალური შევიწროვების" დეფინიცია, რომელიც შესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მეორე პოზიტიური მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ის, რომ მიმართვიანობის სამთვიანი ვადა ერთ წლამდე იზრდება. ეს კომპონენტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გაზრდის სახალხო დამცველის აპარატში მომართვიანობას", - განაცხადა დიანა დავითაძემ. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საზოგადოებამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, რადგან ამის გარეშე საზოგადოება ვერასოდეს გახდება ცივილიზებული. „ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერთ ამ კანონპროექტს. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. ამის გარეშე ვერასდროს გავხდებით ცივილიზებული საზოგადოება", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. კანონპროექტის ინიციატორები არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი და გიორგი ტუღუში.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)