ივანიშვილი: თამასას, რომელიც ჩემი პრემიერობის დროს დავტოვე, ვინც ვერ შეინარჩუნებს, არ გავჩერდები და ეს კარგად იციან
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუკი პოლიტიკური უბედურება დატრიალდება და საზოგადოება ხელისუფლების კონტროლს დაკარგავს. თუმცა ივანიშვილის თქმით, დღეს ამის ნიშნები არ არსებობს.
ამასთან, ივანიშვილი უარყოფს საუბარს იმის თაობაზე, რომ მთავრობას კულუარებიდან მართავს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მის სიტყვას დიდი ფასი აქვს, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას აშფოთებს და მას ხელისუფლების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევად აღიქვამს.
"მემგონი, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების სიტუაცია არ არის დღეს.მე ხშირად მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს პოლიტიკური, თუ ვხედავთ, რომ საზოგადოება ვეღარ ახერხებს კონტროლს და ხელისუფლება გავიდა თამაშიდან, რაც ჩვენ გვქონდა უკვე და კარგად ვიცით. რაღაც ამის მსგავსი უბედურება თუ მოხდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ პოლიტიკაში დაბრუნება მომიწიოს, მაგრამ მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც კარგად ჟურნალისტებმა, მთავრობაც, იციან, რომ თამასა ძალიან მაღლაა აწეული, აი როდესაც პირად პატიმრებს და მართავს მთავრობას კულისებიდან ასე მიწოდებენ, ჩემი აზრით, ის აქვთ მხედველობაში, რომ, როგორც საზოგადოების რიგითი წევრი, ამ მხრივ ძალიან ვამაგრებ საზოგადოებას. მაქვს გარკვეული გამოცდილება, ვიცი კარგი ანალიზი, ჩემს სიტყვას აქვს კარგი ფასი, და ეს აშფოთებს და ეს მიაჩნიათ, რომ მე ვმართავ კულისებიდან; არაფერსაც არ ვმართავ კულისებიდან და არასდროს არ ვარღვევდი კანონს და არ ვაკეთებდი იმას, რასაც არ ვაცხადებდი საჯაროდ.ეს აქვთ მხოლოდ მხედველობაში, რომ ჩემს სიტყვებს აქვს გარკვეული წონა, თამასა, რომელიც ჩემი პრემიერობის დროს მე დავტოვე, იმ თამასას ვინც ვერ შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, მე არ გავჩერდები, ეს კარგად იციან",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, მთავრობის წევრებმა იციან, რომ თამასის დაბლა დაშვებას არავის აპატიებს და მას ანგარიშსს უწევენ.
"როცა ალასანიას თავის დროზე ჰკითხეს-ამდენხანს მინისტრი იყავი და როდესმე დაგირეკა, რამე დაგავალა, დაგაძალო,-არაო, ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვგრძნობდიო, უპასუხა. გრძნობდა იმას, რომ თამასას დაბლა დაწევაზე მე ხმას ამოვიღებდი. საზოგადოება არის ძალაუფლების წყარო. მე ვარ საზოგადოების წევრი და მაქვს გარკვეული ნდობა და იციან, რომ თამასის დაბლა დაშვებას არავის ვაპატიებ! ეს აშფოთებთ და მიაჩნიათ, რომ მე ვმართავს. დიახ, თუ ამ ჩრდილს ხედავენ, რომ მე ხმას ამოვიღებ მათ დარღვევებზე, ბევრი მთავრობის წევრი ამას ანგარიშსს უწევს და უნდა გაუწიონ კიდეც. იციან, რომ მე არ გავჩერდები და არ გავჩუმდები. მხოლოდ ამ ჩრდილს ხედავენ, რომ თუ დაარღვევენ, მე ხმას ამოვიღებ. ამას ეძახიან, ჩემი აზრით, ჩარევას",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან