10:24 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-15 11:16:41, 1088 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და რეგიონში ნატოს როლის გაძლიერებაზე გააკეთა. მისი თქმით, შავი ზღვის აუზში ნატოს გაძლიერება რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, შავ ზღვაზე ძლიერი და სანდო პარტნიორების არსებობა ალიანსისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია: „შავი ზღვა მშვიდობისა და მდგრადი განვითარების რეგიონად უნდა იქცეს, სადაც ქვეყნები თავიანთ ერთიან ძალისხმევას სტაბილურობის განმტკიცებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართავენ".

როგორც აღნიშნა, საქართველო ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს შავ ზღავზე ნატოს გაძლიერებულ ჩართულობას. ამ კონტექსტში, მან ნატოს ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი სტრატეგიის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომელიც უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებს შავი ზღვის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების აქტიური მონაწილეობით გაუმკლავდება.

"უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა. ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ნატოს განსაკუთრებით აშფოთებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, კრიზისი, რომელიც მან შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში და აზოვის ზღვაში. ყოველივე ეს აშკარას ხდის რუსეთის სტრატეგიას: გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რეგიონის სხვა სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე. აშკარაა, რომ რუსეთის მიზანია დააშინოს რეგიონში დასავლეთის მოკავშირე ქვეყნები და შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და ე.წ. გავლენის სფეროები ევროპაში", - განაცხადა ზალკალინმა.

საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის პოლიტიკაზე დააშინოს რეგიონის ნატოს მოკავშირე ქვეყნები და შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და გავლენის სფეროები ევროპაში. ზალკალიანის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მილიტარიზაცია, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინასა და აზოვის ზღვაში შექმნილი კრიზისი ერთი სქემის მიხედვით ხორციელდება.

"ყირიმამდე და აღმოსავლეთ უკრაინამდე, სქემას საფუძველი საქართველოში ჩაეყარა. საქართველო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყსიდან უმკლავდება ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან ჰიბრიდულ ომს. მაშინვე ცხადი იყო, რომ რუსეთი არ აპირებდა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან შეგუებას და რეგიონში დაკარგული დომინანტური პოზიციის დაბრუნებისთვის ემზადებოდა. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე გამოუცხადებელი ომი 2008 წელს ორ ქართულ რეგიონზე პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმითა და ამ რეგიონების ოკუპაციით გაგრძელდა. რუსეთი განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას, ექსპანსიასა და მილიტარიზაციას, და მან უკვე გადადგა ნაბიჯები საქართველოს სუვერენული რეგიონების ანექსიის მიმართულებით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ნატომ დროულად უნდა შეიმუშავოს უფრო ყოვლისმომცველი და მიზანმიმართული სტრატეგია.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მოკავშირეებთან ერთად აქტიურად მუშაობს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით და უკვე მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია, კერძოდ, თავდაცვის სფეროში ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში. „ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის მზადაა მხარი დაუჭიროს ნატოს ინიციატივების გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. ჩვენ ნატოელი მოკავშირეების გვერდით ვიდექით - ყოველთვის და ყველგან, სადაც კი ჩვენი მხარდაჭერა საჭირო იყო. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი წვლილის შესატანადაც, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება უსაფრთხოებას უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს“, - დასძინა მინისტრმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ხშირად წარმოადგენენ რუსეთის პირდაპირ სამიზნეს და „რუსეთის მიერ ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობა ძირს უთხრის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას".

საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ნატოს ღია კარი პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, „ღია კარის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავების ყველაზე რეალური შესაძლებლობაა". ზალკალიანის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველო თავისი სტაბილური დემოკრატიით, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და მზარდი ეკონომიკით მზადაა ნატოში გასაწევრიანებლად და ის ნატოს წევრი გახდება.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციაში მონაწილეობს.

მინისტრი გერმანიის ატლანტიკური ასოციაციისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში სიტყვით გამოვიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics