12:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 11:07:51, 4644 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება [ვიდეო]

საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

„მინდა გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამის ნათელი დასტურია იუნისეფის ბოლო კვლევაც, რომელმაც პირდაპირ მიუთითა ჭარბვალიანობასა და  სიღარიბეს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ქართული ოჯახისთვის, რომ უარყოფით ასახვას ჰპოვებს მათ შორის ბავშვების და მოზარდების განვითარებაზე. ეს პრობლემა, წლების მანძილზე ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას და დღეს თითქმის 700 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას. ამ გამოწვევაზე პოლიტიკაში მობრუნებისთანავე გაამახვილა ყურადღება ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროსაც საქართველოს პარლამენტში და შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდეთ პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯებს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და მათ შორის  ეგრეთ წოდებულმა სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და  მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს". რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით  მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და  31 დეკემბერს დასრულდება.  600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გრძელდება მუშაობა, რომ ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„600 ათასი მოქალაქის ვალდებულების განულების შესახებ შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება ე.წ. მევახშეობით  უსამართლოდ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს ამ ნაწილშიც მივაღწევთ.

ჩვენი მიდგომაა, ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მიდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას.

ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს სრულფასოვნად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს - უფრო ჯანსაღს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა“, - განაცხადა პრემიერმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics