|
2018-11-01 11:56:07, 1043 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატო-ს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი
„აშშ-ის თავდაცვის მდივნისგან მივიღე წერილი, რომელშიც გენერალი მატისი მადლობას გვიხდის თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების გამო“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წერილში ხაზგასმულია მთავრობის ძალისხმევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის საქმეში, რაშიც მისი შეფასებით, უდიდესი წვლილი თავდაცვის სამინისტროს მიუძღვის. „მე მინდა ჩვენს კოლეგებს თავდაცვის სამინისტროში და პირადად მინისტრს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა იმ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის და იმ ძალიან ფუნდამენტური რეფორმებისთვის, რომელიც ჩვენ შევძელით გაგვეტარებინა ამ უწყებაში. ეს წერილი ჩვენთვის ამ სფეროში მიღწეული წარმატებების კიდევ ერთი დასტურია. შესაბამისად, მინდა, სწორედ ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ამ წერილშია: „საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ნატოს ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი ფორუმები საქართველოსთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, უცხოელ პარტნიორებს ესაუბროს ქვეყანაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე. „ასეთი ფორუმები უშუალოდ ჩვენთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს ქვეყანაში თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს ნატოსთან და ევროკავშირთან. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ დღეს მიღწეული სტანდარტები, თავდაცვის ხარჯებისთვის გამოყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი და ასევე 20 პროცენტამდე გაზრდილი დანახარჯები ძირითად თავდაცვით შეიარაღებაზე, სრულად თავსებადია ნატოს მოთხოვნებთან. ამავე დროს გვაქვს ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ურთიერთთავსებადობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისკენ, ისევე როგორც ნატოს და პარტნიორი ქვეყნების მზადყოფნისა და მდგრადობის დონის ამაღლებისკენ და ზოგადად, ნატოს გაძლიერებისკენ. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და ზოგადად, ჩვენი რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)