|
2018-10-28 18:27:34, 906 ნახვა
პოლიტიკა
საია: დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იფორმაციით, ამ დროისათვის დამკვირვებლებმა სულ წარადგინეს 87 საჩივარი, მათ შორის 47 საჩივარი უბანზე, ხოლო 40 ოლქში. ასევე დაფიქსირებულია 33 შენიშვნა. ამასთან, 18:00 საათის მონაცემებით, საიამ პროცედურული დარღვევების გარდა, არსებითი ხასიათის მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა, რომლებიც შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. სავარაუდო მოსყიდვა - სამგორში #56-ე უბანთან, ეზოში მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, რომლებიც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას. საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს. - ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას ჯიპის მარკის ავტომანქანა MM778GG, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს. - მარნეულის #59 უბანზე „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთი დაადანაშაულეს, რომ ამომრჩევლის აგიტაციას ეწეოდნენ. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ამ დროისათვის სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამასთან აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 162 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას ან ძალადობის მუქარას. - საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას (ნაძალადევის #3, #4, #8, #9, #10, დიდუბის #14, #20, #21, #22, #34, #35, #36, სამგორის #56, ჩუღურეთის #14, #26, #31, ისნის #9 და #10, საბურთალოს #81, ოზურგეთის #3, #5, #47, #55, #50 უბნები, ჩხოროწყუს #8, #18, ფოთის #1, #2, #4, #10, #15, #20, #28, #30 ზუგდიდის #50, #59, #107, ბათუმის #28, #40, #41, #59, #102, ხელვაჩაურის #35, ქობულეთის #1). დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობა მარნეულის #18 საუბნო საარჩევნო კომისიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებელი ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩევლები შეუშვა საუბნო საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა სიტყვიერი შენიშვნა მისცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ნაკადის მომწესრიგებელს, თუმცა შენიშვნის გათვალისწინება არ მოხდა. ვინაიდან ფაქტები კვლავ გრძელდებოდა, საია-ს დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიისაგან. მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელმა გადაიღო დარღვევის ამსახველი ვიდეო, აღნიშნულმა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაღიზიანება და დამკვირვებელს განუცხადა, რომ მას აძევებდა საარჩევნო უბნიდან, რადგან თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა უფლება გადაეღო ვიდეო. საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება დაუყოვნებლივ გაპროტესტდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. მას შემდეგ რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუკავშირდა საუბნო საარჩევნო კომისიას, კომისიამ გადაიფიქრა საია-ს საუბნო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის გაძევება უბნიდან, თუმცა მოსთხოვა თანხმობის გარეშე არ განახორციელოს გადაღება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელს უფლება აქვს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; მათ შორის დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად, ასევე აწარმოოს ფოტო/ვიდეო გადაღება გარდა ამომრჩეველთა სამაგიდო სიისა და კენჭისყრის კაბინისა ხმის მიცემის პერიოდში. #18 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ადგილი აქვს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას, რაც საარჩევნო კოდექსის 91-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს. საიამ აღნიშნული ფაქტი საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. პროცედურული ხასიათის დარღვევები: - ბათუმის #14 უბანზე ამომრჩეველმა უარი განაცხადა ნაკადის მომწესრიგებლისათვის წარედგინა პირადობის მოწმობა და ყვიროდა, რომ იყო ადგილობრივი და მისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვისთვის ჩაშლიდა კენჭისყრის პროცესს. კომისიამ მას უფლება მისცა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა იმ პირობით, რომ მხოლოდ რეგისტრატორი ნახავდა მის პირადობის მოწმობას. ამომრჩეველს არ გაუვლია მარკირების პროცედურა. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა; - ბათუმის #25 უბანზე მარკირების შემოწმების აპარატი გამრთულად არ მუშაობდა. საიას მიერ საჩივრის დაწერის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა; - მარნეულის #49 უბანზე ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა; - ვაკის #50 უბანზე უბანზე მისულ ამომრჩეველს აღენიშნებოდა მარკირება მთელ ხელზე. ახსნა, რომ მანდარინი მიირთვა. ამომრჩეველმა დაბრკოლების გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა; - ნაძალადევის #49 უბნიდან კომისიამ გააძევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნათელა მიშველიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ დამკვირვებელი მამუკა გუგეშაშვილი, იმ მოტივით, რომ ისინი ქმნიდნენ არეულობას უბანზე და ხელს უშლიდნენ საუბნო კომისიის წევრებს თავიანთი ფუნქციების შესრულებაში; - ხონის #6 უბანზე ჩანაწერთა წიგნში წინასწარ იყო შევსებული საარჩევნო ბიულეტენების მთვლელების მეთვალყურე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები; - სამგორის #6 უბანზე არასწორად განხორციელდა მარკირება, რაზეც საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა; - ვაკის #13 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება 5 ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები არ არიან ამომრჩეველთა სიაში. მათი განცხადებით ისინი წლების განმავლობაში ამ უბანზე აძლევდნენ ხმას; - ზუგდიდის #72 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ვადაგასული პირადობის მოწმობით შემოუშვა მოქალაქე და რეგისტრატორმა შენიშნა; - დიდუბის #5 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიამ უბნიდან გააძევა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელი. ის კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რაც დამკვირვებლის მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)