2018-10-28 15:50:10, 788 ნახვა
პოლიტიკა
„დავაფიქსირეთ 25 ინციდენტი, დაიწერა 7 საჩივარი“ - PMMG დარღვევებზე საუბრობს
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით.
ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია შემდეგი ინციდენტები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არასათანადოდ შესრულება (4 შემთხვევა) ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #66 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი არ აწესრიგებდა ამომრჩეველთა რიგს დადგენილი რეგულაციების შესაბამისად და რეგისტრატორთან აგზავნიდა ორზე მეტ ამომრჩეველს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელის არაერთი მითითების მიუხედავად, ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი განაგრძობდა მსგავს ქმედებას. ინცინდენტის აღმოფხვრის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა წარადგინა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, რის შედეგადაც დარღვევა აღმოიფხვრა.
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანის ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოწმების გარეშე უშვებდა საარჩევნო უბანზე. მიუხედავად „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არაერთგზის გაფრთხილებისა, ნაკადის მარეგულირებელი აგრძელებდა ზემოაღნიშნულ პრაქტიკას. ინციდენტი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა გაპროტესტებული, რითაც მოითხოვა ნაკადის მარეგულირებლის ჩანაცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრით.
- ახალციხის #37 საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ვალე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი რეგისტრატორები ამომრჩევლებს ბიულეტენებს გადასცემდნენ ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც იგი აღმოიფხვრა.
- ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარაგულირებელმა კომისიის წევრმა, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, რის გამოც რამოდენიმე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე შევიდა საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი და დარღვევა იქნა აღმოფხვრილი.
კენჭისყრის უკანონოდ შეწყვეტა/შეჩერება (1 შემთხვევა)
- ხალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #70 საარჩევნო უბანი 08:42 წუთზე დაიკეტა კომისიის წევრების მიერ შესვენების მიზნით და შესაბამისად რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეზღუდათ ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც იგი აღმოიფხვრა - კომისიის თავმჯდომარემ უბანი გახსნა ამომრჩევლების მისაღებად.
ფიზიკური ძალადობა (1 შემთხვევა)
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე ადგილი ქონდა დაპირისპირებას (ჩხუბს) პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერებს შორის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებელმა სათნადო რეაგირების მოხდენის მიზნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ინციდენტის თაობაზე ორგანიზაციის ცენტრალურმა ოფისმა ასევე აცნობა შსს-ს წარმომადგენელს ნინო ცაციაშვილს, რის შედეგადაც ხსენებულმა უწყებამ ინციდენტი აიყვანა კონტროლზე.
ჯამში, ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 25 ინციდენტი, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 7 საჩივარი, რომელთაგან 2 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
• დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (ისნის #5 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანი და ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანი - სოფ. ოროჯალარი)
• კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევა (ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #01, #37, #62 და #69 სააჩევნო უბანი).
• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არასათანადოდ შესრულება (ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანი)
ავტორი: ,