|
2018-09-12 13:29:34, 644 ნახვა
საზოგადოება
EMC მარიხუანაზე: ეს ინიციატივა, მთავრობის მხრიდან ნარკოპოლიტიკის საკითხის არსებითად დავიწროვების მცდელობას გავს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კანაფის ექსპორტის საკითხზე მმართველი პარტიის ინიციატივას ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „რეპრესიული და უსამართლო ნარკოპოლიტიკის მიმართ, მძლავრი სოციალური პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. "არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების მდგომარეობისთვის მძიმე გამოწვევად რჩება. ამ დრომდე, თვალშისაცემი იყო ხელისუფლების ერთგვარი სტრატეგია, თავი აერიდებინა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის და სისტემური ცვლილებების ნაცვლად, რეაქციულად საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებების აღსრულება მოეხდინა. აღნიშნული ინიციატივა მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან რეალური გამოწვევების გადაფარვის და ნარკოპოლიტიკის საკითხის არსებითად დავიწროვების მცდელობას გავს", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, შსს-ს და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, რომ წარმოადგინონ კანონპროექტის სრული ვერსია და განხილვებში ჩართონ დაინტერესებული ჯგუფები. „სასამართლომ ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციის პროცესში განსაკუთრებული და პოზიტიური როლი ითამაშა, რამაც პრაქტიკულად გარდაუვალი გახადა არაერთი მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილება. თუმცა, ხელისუფლების რეაქციული როლის გათვალისწინებით, პოლიტიკის ძირეული და რეალური ცვლილების პერსპექტივა ამ დრომდე გაურკვეველია. ამ პირობებში, სრულიად გაუგებარია, მმართველი პარტიის მხრიდან, პროაქტიულად, დღის წესრიგში ისეთი საკითხის შემოტანა, რომელიც მწვავე საზოგადოებრივ პრობლემას/საჭიროებას არ უკავშირდება და წლების განმავლობაში, ნარკოპოტლიკის თემაზე მომუშავე არცერთი ჯგუფის მთავარ და არსებით მოთხოვნას არ წარმოადგენდა. კანაფის ექსპორტის საკითხის დაყენება, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მასშტაბების გათვალისწინებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან რეალური გამოწვევების გადაფარვის და ნარკოპოლიტიკის საკითხის არსებითად დავიწროვების მცდელობას გავს. მარიხუანას საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, ლოგიკურად უნდა მოყვეს მარიხუანას შეძენა/შენახვის ნაწილში ადეკვატური საკანონმდებლო რეგულირება, რაც თანმიმდევრულ სამართლებრივ ჩარჩოს შექმნის. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტშიც კი, კანაფის ექსპორტის საკითხი არარელევანტურია. გასათვალისწინებელია, რომ მმართველმა პარტიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა ცალსახად ჩამოეყალიბებინა ერთიანი პოზიცია და უარი ეთქვა ისეთ უსამართლო მოცემულობებზე, როგორიცაა: - ნარკოტიკული საშუალების განმეორებითი მოხმარების კრიმინალიზება; - უკიდურესაც მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო ხანგრძლივი საპატიმრო სასჯელები; - ნარკოტიკულ დანაშაულში (მათ შორის, ნარკოტიკის მოხმარებისთვის) მსჯავრდებული პირებისთვის ცალკეული უფლებების ავტომატური და ბლანკეტური ჩამორთმევა და სხვა. იმ დროს, როცა ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებულ პრაქტიკულად არცერთ კრიტიკულ საკითხზე, საპარლამენტო უმრავლესობას ერთიანი პოზიცია არ დაუფიქსირებია, მათი მხრიდან კანაფის ექსპორტის საკითხზე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება ზედაპირული და დასაბუთებას მოკლებულია. ამ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, საზოგადოებაში ამ ინიციატივის გაზომვა და შეფასება მხოლოდ პოტენციური ეკონომიკური სარგებლის ან ზოგადად კანაფის სარგებლიანობის არგუმენტებით უსამართლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მწვავე პრობლემას ეხება. ეს პროცესი აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების ძალისხმევა და ხანგრძლივი მცდელობები, რომ არსებითად შეცვლილიყო რეპრესიაზე და კონტროლზე დამყარებული ნარკოპოლიტიკა, დაძლეულიყო სტიგმა და შექმნილიყო სამართლიანი და ზრუნვაზე დაფუძნებული სისტემა მწვავე ჯანდაცვით პრობლემასთან გამკლავების მიზნით, დიდწილად მარიხუანას თემამდე არის დავიწროვებული. გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი კვლავ უხილავი რჩება საზოგადოების ის ჯგუფი, რომელსაც ყველაზე სწრაფად ჭირდება ნარკოპოლიტიკაზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, გააკეთოს საჯარო განმარტება ნარკოპოლიტიკის (და არამხოლოდ მარიხუანას) საკითხზე მათ ხედვასთან და გეგმასთან დაკავშირებით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობას დროულად გაასაჯაროვონ კანონპროექტის სრული ვერსია და განხილვებში ჩართონ დაინტერესებული ჯგუფები“, - აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)