10:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 19:55:46, 994 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეხუთე სხდომა გამართა.

სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ (გელა) სალუაშვილის განცხადება. მისი თქმით, დავით ბაქრაძისა და გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებულ პარტიებს - კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს - კანონი აძლევს საშუალებას, დაასახელონ ე.წ. ტექნიკური საპრეზიდენტო კანდიდატები, მიიღონ დამატებით უფასო საეთერო დრო და დაფინანსება. არჩევნებამდე კი ტექნიკური კანდიდატები მოხსნიან კანდიდატურას მათი პარტიების მიერ რეალურად მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. მიხეილ სალუაშვილის განცხადებით, ეს არღვევს სამართლიანობის პრინციპს სხვა კანდიდატებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებულნი და იწვევს დამატებით ხარჯებს ბიუჯეტიდან. სალუაშვილმა რეაგირება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან მოითხოვა.  პასუხად პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა დაადასტურა ტექნიკური კანდიდატის არსებობა.  იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხს კომისია მომდევნო სხდომაზე დაუბრუნდება, თუმცა არჩევნების შემდგომ ის საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.

დღევანდელ სხდომაზე “საია”-ს უნდა წარედგინა იმ კვლევის მეთოდოლოგია, რომელზე დაყრდნობითაც არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში შესაძლო ხარვეზებზე საუბრობდა. კომისიის წევრებმა დაპირებული ინფორმაციის მიღება ვერ შეძლეს, რადგან “საია”-ს, მიუხედავად ორკვირიანი პერიოდისა, დღემდე მტკიცებულებები და ინფორმაცია კონკრეტული დასკვნების (6 შემთხვევაში აღმოჩენილი „სავარაუდო“ ნათესაური და მეგობრული კავშირები) შემუშავების მეთოდოლოგია არ წარმოუდგენია.

ცესკოს წარმომადგენელმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. კომისიის წევრებს მან ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა გათვალისწინებით ხდება წევრების დანიშვნა. მან მოუწოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, აქტიურად დააკვირდნენ შერჩევის პროცესს.

უწყებათაშორისი კომისია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 1 ივლისს შეიქმნა, როგორც ამას საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის კომისიის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება.

კომისია უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან.

კომისიის სხდომაზე საკითხის დაყენების უფლება აქვს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას თუ დამკვირვებელს. მედიის წარმომადგენლებს როგორც სხდომის დაწყების, ისე დასრულების შემდეგ საშუალება აქვთ, გაესაუბრონ მათთვის სასურველ რესპონდენტს. ამასთან, სხდომის ყველა ოქმი და რეკომენდაცია ღიაა და სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომისია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიკრიბება 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − არანაკლებ კვირაში ერთხელ. კომისია განიხილავს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს; იმსჯელებს იმ შესაძლო დარღვევების შესახებ, რომელთაც კომისიას მოაწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები) ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობისთვის კომისია შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საჯარო მოსამსახურეებისადმი, ადმინისტრაციული ორგანოებისადმი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი და მიმართავს მათ შესაბამისი ღონისძიებების გონივრულ ვადაში გატარების მოთხოვნით.

უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თბილისის მერიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2015 წლის შუალედური, 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2018 წლის შუალედური არჩევნების დროს აქტიურად მუშაობდა. აღნიშნული კომისიის მუშაობამ, რომელსაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics