|
2018-07-13 16:07:58, 676 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ჩვენ გავაგრძელებთ, ვიყოთ რეფორმების ფლაგმანი
"საქართველო იყო „ღია მმართველობის პარტნიორობის" ერთი რიგითი წევრი, დღეს კი ჩვენი რეფორმების წყალობით 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარეა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეფორმები საქართველოს განვითარებას უწყობს ხელს. "ყველა რეფორმაზე, ყველა პროექტზე ვერ შევჩერდები, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ, ვიყოთ ფლაგმანი რეფორმებისა; ვიყოთ ისინი, ვინც საქართველოს ხელს უწყობს, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებები ჰქონდეს, და გავაგრძელებთ, რომ ვიყოთ ერთ-ერთი წამყვანი უწყება ელექტრონული მმართველობის დარგში, რადგან მინდა, ხაზგასმით ვთქვა ის, რომ, მაგალითად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი გახლდათ ის პირველი სახელმწიფო უწყება, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა და რომელიც, სერვისების განვითარების სააგენტოს და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თუ ჩვენს სხვა სსიპ-ებთან ერთად არიან პროგრესის და ელექტრონული მმართველობის გზაზე საქართველოს პოზიტიური იმიჯის შემმუშავებელი სხვა უწყებებთან ერთად. რეფორმები, რომლებმაც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მოუტანა, იყო ის, რომ − როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თქვენ ყველას გახსოვთ, „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში საქართველო იყო ერთი რიგითი წევრი. დღეს საქართველო ამ რეფორმების შედეგად, ელექტრონული მმართველობის სფეროში ძალიან დიდი პროგრესის შედეგად, ღიაობისა და გამჭვირვალობის გამო გახლავთ ამ ორგანიზაციის არა რიგითი წევრი, არამედ 76 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ მიერ მიღწეული წარმატება", - განაცხადა წულუკიანმა. მან აგრეთვე უვიზო მიმოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინიციატივით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგად ახალგაზრდებს გზა გაეხსნათ ვიზის გარეშე ევროკავშირის სივრცეში. „მე მერამდენედ ვდგავარ ამ ტრიბუნაზე თქვენ წინაშე. ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ მინდა, ვთქვა ერთი რამ: ჩემთვის 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე ყოფნა იყო ყოველდღიური ტვირთი და პასუხისმგებლობა. ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა არ არის მარტივი სატარებელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე და 6 ათას იუსტიციელს, რომლებიც ამ უწყებაში მუშაობენ, ყველაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ გვეერთგულა იმ ღირებულებებისთვის, რომლითაც ჩვენ, „ქართული ოცნების" ხელისუფლება, მოვედით სათავეში. 6 ათასამდე იუსტიციელი არის ის კორპუსი, რომელიც მთავრობასთან ერთად მუშაობდა ყოველდღიურ რეჟიმში ჩემი ხელმძღვანელობით, რათა მთავრობას, „ქართული ოცნების" პარტიას, ქვეყანას მიეღწია არაერთი საერთაშორისო წარმატებისთვის. და ეს საერთაშორისო წარმატებები მიღწეულ იქნა სწორედ რეფორმების გზით. რომ არა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული მასშტაბური რეფორმა, რომელსაც მთავრობა და პარლამენტი ერთსულოვნად მხარს უჭერდით, რისთვისაც გიხდით კიდევ ერთხელ მადლობას, ჩვენ ხელს ვერ მოვაწერდით 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რადგან, დიახ, მართლმსაჯულების რეფორმაში ჩვენ მიერ შემოთავაზებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების სამი ტალღის განხორციელების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით, დავახლოებოდით ევროპულ სივრცეს, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი. ეს რეფორმები ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა. ეს გახლდათ ის რეფორმები, რომლებზეც ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ჩამოდიოდნენ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე, უვიზო რეჟიმის საქართველოსთვის მინიჭებამდე და გვამოწმებდნენ, რას ვაკეთებდით, ერთხმად აღიარებდნენ, რომ იყო ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუხსნიდა ხელმოწერას და უვიზო რეჟიმს. ეს დღე დადგა, დღე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ეს ისტორიული აქტი განახორციელა. ჩვენი ყველას სახელით და დადგა ის დღე, როდესაც ჩვენს ახალგაზრდებს, პირველ რიგში, გზა გაეხსნათ ვიზის გარეშე ევროკავშირის სივრცეში. დიახ, ეს იყო იმ რეფორმების შედეგი, რომელთაც მთავრობა და პარლამენტი ახორციელებდა და ძალიან დიდი წვლილი და ინიციატივა იყო იუსტიციის სამინისტროსი. თუნდაც, ის კმარა, ვახსენოთ, რომ 100-მდე კანონში ცვლილებები განხორციელდა ჩვენი ინიციატივით, რომელმაც ევროპულ სტანდარტთან დააახლოვა ჩვენი კანონმდებლობა. შესაბამისად, ეს საერთაშორისო, თუნდაც, ორი მიღწევა, რაც საქართველოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს, გვათქმევინებს, რომ ევროპასთან დაახლოების გზაზე ეს იყო ყველაზე დიდი და ისტორიული შედეგები. ვერავინ იტყვის იმას, რომ ეს იყო ინერციით მიღწეული, ჩვენ სამოქმედო გეგმა 2013 წელს გადმოგვეცა და ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ. მე აღარ შევჩერდები იმაზე, თუ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ სამოქმედო გეგმის იმ ბლოკში, რომელიც მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა იყო. ეს იყო უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის პირველი ბლოკი სახელწოდებით „უსაფრთხო დოკუმენტები". ეს იყო პირველი ბლოკი, რომელიც წარმატებით დაიხურა 100 პროცენტით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მისივე განცხადებით, პოლიტიკური მანდატის ბოლოს არჩევნებამდე ხელისუფლება დატოვებს იმ მემკვიდრეობას, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე. "მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ სოზარ სუბარს, რომელიც გახლდათ ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების პირველი მინისტრი, რომელმაც ჩაიბარა საშინელი სისტემა, საშინელი მემკვიდრეობა, და მან ჩაუყარა საფუძველი იმ რეფორმებს, რომლებითაც ჩვენ დღეს ყველა ერთად ვამაყობთ; და მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დღესაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დადიოდა ციხე-ციხე, საკან-საკან, და მკურნალობდა და ზრუნავდა პატიმრებზე, დღეს ჩვენი უმრავლესობის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერია − ვსაუბრობ ბატონ არჩილ თალაკვაძეზე. ეს რეფორმები შემდეგ გააგრძელეს მომდევნო მინისტრებმა. განსაკუთრებული მადლობა მე ჩემს წინამორბედს, ბატონ კახი კახიშვილს მინდა, გადავუხადო. მე მქონდა მასთან ძალიან სიღრმისეული და საინტერესო შეხვედრები. მინდა, გითხრათ ამ ტრიბუნიდან, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება და გაგრძელდება ისე, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური მანდატის ბოლოს არჩევნებამდე დავტოვოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტის ციხე. და მე ვგეგმავ, რომ ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ამ მხრივ არის დარჩენილი გარკვეული საკითხები, რომლებიც სერიოზულად მოსაგვარებელია; რომ ჩვენ ვიზრუნოთ კიდევ უფრო მეტად, მიუხედავად ბევრი სირთულისა, პატიმრების კვების საკითხებზე და მოვამზადოთ პატიმრები გათავისუფლებისთვის. როგორ იცით, იუსტიციის სამინისტროში, ჩემი ინიციატივით 2012 წლის ნოემბერში დაფუძნდა „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა". ახლა უკვე ეს პროგრამა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გააკეთებს იმ სამუშაოს, რასაც ჰქვია ყოფილი პატიმრის იმგვარი ინტეგრაცია საზოგადოებაში, რომ ყოფილმა პატიმარმა აღარასოდეს მიიხედოს ციხისკენ. მე მინდა, ამ ტრიბუნიდან ორიოდ სიტყვა ვუთხრა სასჯელაღსრულების საჯარო მოხელეებს. მე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს; მე ვგეგმავ, მათ ნახონ, მე როგორ ვმუშაობ და მაქვს სურვილი, ვნახო, ისინი როგორ მუშაობენ. და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს, რომ ის დაწყებული რეფორმები, რაც არაერთმა მინისტრმა ურთულეს პირობებში განახორციელა და ევროპულ დონეზე აიყვანა, უფრო მყარი შედეგები გახდეს იმისათვის, რომ მემკვიდრეობა იყოს კიდევ უფრო საამაყო, როდესაც ჩვენ 2020 წელს კიდევ ერთხელ ყველა ერთად ამომრჩევლის წინაშე წარვდგებით", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)