|
2018-07-04 07:23:43, 607 ნახვა
საზოგადოება
სასამართლომ მხოლოდ საპატრიარქოსთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭება არაკონსტიტუციურად სცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დისკრიმინაციულად და არაკონსტიტუციურად სცნო საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებს და სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ამ შესაძლებლობის გარეშე ტოვებს. კერძოდ, მოსარჩელე მხარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე დავობდა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებს ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, თუ ეს სამუშაო შესრულებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით. რაც შეეხება მოპასუხეს, მათი არგუმენტაციით საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც სხვა რელიგიური გაერთიანებები, წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს, თუმცა განსხვავებული მოპყრობა ემსახურებოდა ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს, კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის რეალიზაციას - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას ქვეყანაში. "საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შესადარებელი რელიგიური გაერთიანებები წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს და განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა რელიგიურ ნიშანს. სასამართლომ განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესია, თუმცა ამ მიზნის რეალიზებისთვის უმნიშვნელოა, თუ ვისი დაკვეთით შესრულდება სამუშაოები, თუკი დაცული იქნება შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების აღსრულება ღირებული სამართლებრივი სიკეთეა, თუმცა, უპირველესად, უნდა არსებობდეს კონსტიტუციის აღსასრულებელი მოთხოვნა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მართალია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი აღიარებს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს სახელმწიფოს ისტორიაში, თუმცა ამ დებულებაში ნებისმიერი პრივილეგიის მინიჭების დასაშვებობის თავისთავად მოაზრება აზრს დაუკარგავდა თანასწორობის უფლებას და შეუთავსებელი იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის, მათ შორის, მე-7 მუხლისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან. სასამართლომ მიუთითა, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. სასამართლომ არ გამორიცხა დიფერენცირების მართლზომიერება ზოგიერთ ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხელშეწყობის ესა თუ ის ღონისძიება ობიექტურად და რაციონალურად იქნება დაკავშირებული ეკლესიის ღვაწლთან და კონკრეტულ ისტორიულ გარემოებებთან. სასამართლოს მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი მიემართება ნორმის ამოქმედების შემდგომ დაწყებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამ ურთიერთობაში საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას არ გააჩნია მყარი, გარდაუვალი კავშირი ეკლესიის ისტორიულ ღვაწლთან და მხოლოდ სახელმწიფოს კეთილი ნების გამოვლინებაა. წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უთანასწორო მოპყრობას არ გააჩნია რაციონალური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას. ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან ათავისუფლებს მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურებას, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული საგადახადო შეღავათის სრული გაუქმებით, ასევე არსებითად თანასწორ პირებზე მისი ერთნაირად გავრცელებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა კანონმდებლის კომპეტენციაა, ამდენად, არაკონსტიტუციური ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება გადადო 2018 წლის 31 დეკემბრამდე", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)