|
2018-07-03 17:44:54, 703 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" თანმდევ 115 პროექტთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. „ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, მოქნილი ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური კონტროლი. მცირე და მოქნილი მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სამთავრობო უწყებების გაერთიანება/ოპტიმიზაცია და მათ შორის ფუნქციების გადანაწილება დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია", - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა. · განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ; · სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვლება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციურ სამსახურს. · ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა: დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულების; მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულების; რეპატრიაციის მიმართულების) და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც ჩაითვლება ამ ორი სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ის ფუნქცია, რომელიც ეხება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებას, გადაეცემა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულება გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის მიმართულება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს; · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (სივრცითი განვითარების მიმართულებით) გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ჩაითვლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ სივრცითი განვითარების მიმართულებით. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განმარტებით, კანონპროექტს ახლავს ვრცელი გარდამავალი დებულებები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის ღონისძიება, რომელიც საქართველოს მთავრობამ და უწყებებმა უნდა განახორციელონ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ. „აქ საუბარია სამთვიან პერიოდზე, რომლის დროსაც უნდა განხორციელდეს გაერთიანებული უწყებების მიერ შესაბამისი რეორგანიზაციები და დაიგეგმოს უკვე გაერთიანებული უწყებების სწორი მართვა შესაბამისი ანალიზის საფუძველზე", - აღნიშნა ნათია მიქელაძემ. მისივე თქმით, უწყებების წარმოდგენილ ოპტიმიზაციასთან ერთად, სამომავლოდ, გაგრძელდება ბიუროკრატიაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ასევე, დაგეგმილია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯის ზედა ზღვრის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3.9%-მდე შენარჩუნება. „ეს იქნება ზედა ზღვარი, რაც მცირე მთავრობის მქონე მაღალგანვითარებული ქვეყნების სტანდარტია და ჩვენც ამის მიხედვით გვაქვს გეგმა წარმოდგენილი", - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა. ნათია მიქელაძემ კომიტეტის წევრების და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელების კითხვებს უპასუხა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ". იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ინიცირება კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოახდინა. „მოქალაქეობის შესახებ ამ კანონპროქტით დადგინდა ახალი სტანდარტი, რომლითაც შესაძლებელია მოქალაქეობის შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ჩვენი მოქალაქისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა პრეზიდენტის წარმომადგენელთან. მათ აქვთ მოსაზრება, რომ ამ ნაწილში ჩანდეს პრეზიდენტის როლი და პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული შემოთავაზების გათვალისწინებით კანონის 24-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „8. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ 24-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების ახალი ფორმულირება ნიშნავს იმას, რომ ყველა შესაძლებლობაზე, რაც მოქალაქეობის მიღებას უკავშირდება, დასკვნას ამზადებს სააგენტო, გადაწყვეტილებას კი იღებს პრეზიდენტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს გააცნო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დასკვნა, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე შემოთავაზება. კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა კომიტეტის წევრებთან ერთად მიიღეს პრეზიდენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. შესაბამისად, საქართველოს ახალი კონსტიტუციური კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას აღარ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძვლად. ახალი რედაქციით, სამართლებრივი საფუძველი ეყრება საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებისას ურთიერობების ახლებურად რეგულირებას. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს: საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დაასრულა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონპროექტისა და მისი თანმდევი პროექტების მეორე მოსმენისთვის განხილვა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს სამინისტროს მიერ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გაზიარებული შენიშვნები გააცნო. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონპროექტით იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება. მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი. ახალი ცვლილებებით იგი განახორციელებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას. საკანონმდებლო ცვლილება განპირობებულია „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით" საქართველოს მიერ ნაკისრი არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმების გატარების საერთაშორისო ვალდებულებებით - შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცველთა მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების გამოსაძიებლად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". კანონპროექტის მიხედვით მკაცრდება სანქციები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანებასთან, იერსახის დამახინჯებასთან, გარე რეკლამების განთავსებასთან და გარევაჭრობასთან დაკავშირებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა დამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს სანქცია, საჯარიმო ოქმის (ქვითრის) შევსების გზით, რაც უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნული ორგანოების საქმიანობას და სამომავლოდ მოახდენს სამართალდარღვევების პრევენციას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, მესამე მოსმენისთვის განიხილა კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესში მომზადებული რამდენიმე კანონპროექტი, კერძოდ: · კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისი თანმდევი პროექტები. კანონპროექტი ითვალისწინებს მოქმედი კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან. კერძოდ, ყველა კანონპროექტის მიხედვით ტერმინი „კონტრასიგნაცია" იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა". · „საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონპროექტით ხდება კომპეტენციათა გამიჯვნა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას/საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას. ასევე, ტერმინი „კონტრასიგნაცია" იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა", ხოლო ტერმინი „რატიფიკაცია" იცვლება ტერმინით „რატიფიცირებით". კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესში მომზადებული კანონპროექტები სხდომაზე პარლმენტის წევრმა, გედევან ფოფხაძემ წარმოადგინა. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესის გაუმჯობესებას ითვალისწინებს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც კომიტეტის წევრებმა მესამე მოსმენისთვის განიხილეს. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამასთან, ცვლილებით შემოთავაზებულია 5-წლიანი სამოქმედო პერიოდით (2023 წლის 1 ივნისამდე) საარჩევნო კოდექსისათვის 18517 მუხლის დამატება, რომლითაც განისაზღვრება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. საარჩევნო კოდექსში შესატანი კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, სხვა სახელმწიფოში მყოფი პირის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, კეთდება აღნიშვნა, რომ იგი „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ", ნაცვლად აღნიშვნისა - „იმყოფება უცხოეთში". გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებებით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირებს მინიჭებული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება. კომიტეტის სხდომაზე განხილული იყო რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება. დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის ახალი დებულება დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)