07:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 14:11:55, 662 ნახვა

პოლიტიკა
„მითები შვილებს და შვილიშვილებს მოუყევით“ - მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხილვა კამათის ფონზე წარიმართა

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა, სადაც დეპუტატები მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, კამათის ფონზე წარიმართა.

კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც წარმოდგენილი პაკეტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ განაცხადა, რომ კანონებში მხოლოდ სახელწოდებების ცვლილება ხდება.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, ისევე როგორც უმრავლესობის წევრები, მცირე მთავრობის არასწორ განმარტებას აკეთებენ, თითქოს ეს არის ადმინისტრაციული ხარჯის შეფარდება მშპ-სთან - ეს არ არის მცირე მთავრობა. მცირე მთავრობა არის სამთავრობო ხარჯების შეფარდება მშპ-სთან და ამ თვალსაზრისით, ისეთი ქვეყნები რომ ავიღოთ, როგორც შეერთებული შტატებია და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ ქვეყნის ხარჯი რამდენია, ეს არის 22.7%, გერმანიაში, რომელიც კეთილდღეობის სახელმწიფოა 27.9%-ია. ცუდი მაგალითი შემიძლია გითხრათ ევროკავშირიდან - საბერძნეთი, აქ 48.8%-ია. ზოგადად, ეკონომისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მცირეა მთავრობა, ეკონომიკური ზრდა უკეთესია. ბუნებრივია, იდეა მცირე მთავრობისა თავისთავად სწორი და კარგია, უბრალოდ არასწორად არის შემოთავაზებული მთავრობის მიერ. თუ ავიღებთ სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს და მსოფლიო ბანკის მონაცემებს, საქართველოში 29%-ია, უფრო მეტი, ვიდრე შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში და ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა. მუნიციპალიტეტებსაც თუ ჩავთვლით, მთლიანად ჩვენი ბიუროკრატია ხარჯავს ყოველი 100-ლარიდან 35 ლარს. შედეგი რა გვაქვს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. პაკეტი, რაც ჩვენ დღეს წარმოგვედგინა, არის უბრალოდ სახელწოდებების ცვლილებები კანონებში და მეტი არაფერი. არანაირი კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა შემცირდეს მთავრობის ზომა, მთავრობას არ წარმოუდგენია“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჭიაბერაშვილის განცხადებას „სირცხვილი“ უწოდა და მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი შეახსენა.

„ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, უამრავ ოჯახს ძალიან უჭირს, მაგრამ სირცხვილია თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე, მაშინ როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთხელ თქვენი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს. უდიდესი სირცხვილია თქვენი მხრიდან ამის გაკეთება. მართლა სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები როცა სიღარიბეზე ლაპარაკობენ“, - მიმართა კილაძემ ჭიაბერაშვილს.

ამის შემდეგ მას ჭიაბერაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში სიღარიბე გაიზარდა.

„მთავრობის საქმიანობა ფასდება რას ჩაიბარებს და რას დატოვებს. 2012 წელს იყო ძალიან ცუდი მდგომარეობა სიღარიბის თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც მოდის ეს სიღარიბე 2003 წლიდან ქვემოთ, თქვენ ვალდებული იყავით ასევე შეგემცირებინათ. თქვენს პირობებში სიღარიბე შებრუნდა და გაიზარდა. ამიტომ სირცხვილია, როდესაც თქვენ ეს არ იცით“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც გამოეხმაურა:

„სამწუხაროა, რომ აგრძელებთ მითების შექმნის ტრადიციას. თქვენ ეკონომიკური ზრდის პირობებში სიღარიბე გეზრდებოდათ, იმიტომ რომ ეს იყო ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდით. თქვენ რასაც საუბრობთ, ეს გახლავთ ე.წ. მცირე სახელმწიფო. მცირე მთავრობა ნიშნავს სწორედ იმას, რასაც გვთავაზობს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, ანუ ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც გახლავთ 4.3% და რომელიც შემცირდება 3.9%-მდე. ტყუილებს ნუ იძახით. ადმინისტრაციული დანახარჯები, რომელიც არის 4.3% და არა 27, 32 და რაღაც ციფრებს რომ იძახით, შემცირდება 3.9%-მდე. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განკარგვადი და არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები ეს არ არის, ეს არის ხარჯები ჯანდაცვაზე, განათლებაზე, თავდაცვაზე, ეს არის ხარჯები, რისთვისაც სახელმწიფო გვაქვს. თუ თავადი კროპოტკინის მიმდევარი ბრძანდებით და ამის ეჭვი დიდი ხანია მაქვს, მაშინ დაიწერეთ, რომ ანარქია არის წესრიგის დედა და ევროპული ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს და ეგ დაირქვით საერთოდ. ჯანდაცვა თქვენ არ გინდათ, განათლება არ გინდათ და არაფერი თქვენ არ გინდათ, დაგვანებეთ თავი. მცირე მთავრობა არის არა მხოლოდ სამინისტროების გაერთიანება, ეს არის კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ასე რომ ბატონო ზურაბ, მითები თქვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყევით“, - განაცხადა ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics