21:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 16:05:30, 414 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტი პოლიციელებს: თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შს მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონსიძიებას დაესწრო. ღონისძიება სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგებით გაიხსნა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრო, პატივცემულო მინისტრებო, საპატიო სტუმრებო, უცხოური მისიების წარმომადგენლებო და პირველ რიგში ჩვენო პოლიციელებო გილოცავთ დღევანდელ დღეს!
გილოცავთ დღეს, როდესაც თქვენ მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად ზეიმობთ იმ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის სიძლიერეს და სიამაყეს, რომელსაც პოლიცია ჰქვია.
სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები, არმიისა  და პოლიციის შექმნაა.
არმია მოქალაქეებს გარეშე მტრისგან იცავს, ხოლო პოლიცია უზრუნველყოფს მოქალაქეთა დაცულობასა და მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ამ მნიშვნელოვან საზეიმო დღეს, არ შემიძლია არ გავიხსენო ერთ-ერთი ეპიზოდი ჩვენი უახლესი ისტორიიდან. ეს არის 1989 წლის 9 აპრილი, როდესაც ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს, რუსთაველის გამზირზე, თავს ესხმოდა საბჭოთა ჯარის სპეციალური დანაყოფი.  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის სისტემაში,  ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარეს იმას, რასაც  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ბრძანება არ მიუღიათ და ისინი სრულიად სხვა სისტემის თანამშრომლები იყვნენ,  მათ დაიცვეს საქართველოს მოქალაქეები.
სწორედ 1989 წლის 9 აპრილს საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, რაც შემდეგ პოლიტიკურადაც გაფორმდა. ამ ერთობამ ძალიან დიდი მუხტი მისცა მთელ საზოგადოებას; ჩვენ დავინახეთ, რომ ხელოვნური ბარიერები ვეღარ გაგვყოფს.
მაშინ ქართულმა პოლიციამ დაიცვა საქართველოს მოქალაქე და მას შემდეგ, ქართულ პოლიციას ძალიან რთული გზა ჰქონდა გასავლელი. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სირთულე გვქონდა, როგორც საზოგადოებას, რომელშიც გამეფებული იყო კრიმინალი, აღრეული იყო როლები. ქართულმა პოლიციამ ეს გზა გაიარა და მოვიდა დღემდე, როდესაც ამაყად ვამბობთ, რომ ვიცავთ თითოეული მოქალაქის ინტერესებს, უფლებებს, ჯანმრთელობას, დაცულობასა და მათ ქონებას.
მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე ვინც ამ წლების მანძილზე საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ბრძოლას; ვინც ნათლად იდგა საქართველოს თითოეული მოქალაქის გვერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა პოლიციამ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო წინ წაიწიოს - დანაშუალის პრევენციაზე. ნდობა და სიახლოვე საზოგადოებასთან, კონტაქტი ხალხთან – ეს არის ის, რაც ბუნებრივად პოლიციელის საქმეა; პოლიციელი მოწოდებულია რიგითი მოქალაქის დაცვისაკენ და მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღრმავდება.
ამ თავდაჯერებულობის შესაძლებლობას მაძლევს ის სულისკვეთება, რომელსაც მე ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში. თქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შინაგან საქმეთა მინისტრი და მსურს განსაკუთრებით მას მივულოცო დღევანდელი დღე.
რთულ ვითარებაში, როდესაც პოლიციის წინააღმდეგ კამპანია იყო აგორებული, ბატონმა გომელაურმა შეძლო და თავისი სიმშვიდით, პროფესიონალიზმით, საქმისადმი ძალიან სწორი პოლიტიკური მიდგომით ვითარება დაარეგულირა. მე მას დღეს საგანგებოდ ვუხდი მადლობას ასეთი ეფექტიანი საქმიანობისათვის.
დასასრულს, მსურს ხაზი გავუსვა ერთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც არა მარტო პოლიციას, არამედ მთელ საზოგადოებას აწუხებს. 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი. ჩვენ გვიჭირს მიზეზების ახსნა, რადგან ეს არ არის ჩვენს ბუნებაში,  ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად და  აქტიურად შეებრძოლებიან ამ  უმძიმეს დანაშაულს. 2015 წელი ქალთა წლად გამოვაცხადე და დარწმუნებული ვარ, რომ ის კატასტროფული სტატისტიკა რაც გვქონდა გასულ წელს, აღარ განმეორდება.
მინდა ქართული სახემლწიფოსა და საზოგადოების სახელით მადლობა  გადაგიხადოთ  სამსახურისთვის.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!„ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში აქტიური მუშაობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის ღირსების მედლებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე და პოლიციის უფროსი ლეიტენანტი თეონა ჭიჭინაძე დააჯილდოვა. გიორგი მარგველაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელების გიორგი ბერუაშვილისა და ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ მინისტრთან და შსს მინისტრთან ერთად დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტენდები, სპეცტექნიკა, სამართალდამცველების ისტორიული სამოსი, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალები და წიგნები იყო წარმოდგენილი.
დღევანდელ საზეიმო ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პარტნიორი ქვეყნებიდან ოფიციალური დელეგაციების წევრებიც დაესწრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics