13:26 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 16:05:08, 8080 ნახვა

კულტურა
კულტურული ძეგლები– წარსულის განადგურება და აღდგენა

საქართველო მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა,რაზეც  ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები ,სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები მეტყველებენ. ბერძნული წყაროების, მითების მიხედვით კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ,არსებულ ქართულ სახელმწიფოებში (იბერია,კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა.

საყდრისი  –5000 წლით დათარიღებული, ოქროს უძველესი მაღაროა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს მდებარეობს.  ადამიანის ხელით შექმნილ გვირაბების ლაბირინთში არქეოლოგების მიერ უამრავი ანტიკური  არტეფაქტია აღმოჩენილი.

2006 წელს ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

თუმცა, კომპანია „RMG Gold“–მა  ოქროს მომპოვებითი სამუშაოები დაიწყო. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს განადგურების საფრთხე შეექმნა.

დაახლოებით, ორი  წელია ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. შეიქმნა კომისია, რომელიც მსჯელობდა, რამდენად სამართლიანი იყო საყდრისის საბადოსთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება. მოიწვიეს საერთაშორისო ექსპერტები. ამ პერიოდში კი, „RMG Gold“ სამუშაოებს  აჩერებდა,  ანახლებდა, ხშირად კი, ფარულად მუშაობდა.  საყდრისის მცველებმა საბადოს მიმდებარედ კარვები გაშალეს და „RMG Gold“ –ის საქმიანობას  აკვირდებოდნენ, ობიექტზე შესვლასაც  ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ..

2014 წლის იანვარში  ჯერ კიდევ გურამ ოდიშარიას კულტურის მინისტრობის დროს, ხსენებულმა კომპანიამ მუშაობა განაახლა. რამაც ბუნებრივია, საყდრისის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. კულტურის სამინისტრომ თავის მხრივ, მეორე დღეს  წარმომადგენლები გაგზავნა, რომლებიც ობიექტზე არ შეუშვეს.  ამ ფონზე, ოდიშარია აცხადებდა, რომ საყდრისში სამუშაოები ქართულ მხარესთან შეთანხმებით არ დაწყებულა და უკვე დრო იყო, სახელმწიფოს საბადოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო.

კომპანიაში კი  ირწმუნებოდნენ, რომ  ოქროს მაღაროში სამუშაოების განხორციელების უფლება ჰქონდათ, თუმცა, საყდრისზე არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში მზად იყვნენ სამუშაოები შეეჩერებინათ.

საყდრისში სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო  აქციები დაიწყო და დღემდე გრძელდება. პრემიერ–მინისტრსაც მიმართეს, თუმცა, მოთხოვნას ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

კულტურის სამინისტროში, უარყოფითი  პოზიცია, მხოლოდ  ყოფილი  მინისტრის ყოფილ მოადგილეს  მარინა მიზანდარს ჰქონდა. ის არ ეთანხმებოდა საყდრისში სამუშაოების მიმდინარეობას. შედეგად, პრემიერის ბრძანებით, მიზანდარი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ოდიშარიას კი, მოუწოდეს საყდრისის პრობლემა სასწრაფოდ მოეგვარებინა.

მიმდინარე წლის,  21 ივლის მთავრობაში საკადრო ცვლილელები მოხდა. გათავისუფლებულ მინისტრებს შორის ოდიშარიაც მოხვდა და მისი ადგილი მიხეილ გიორგაძემ დაიკავა.

სანამ ოდიშარიას გაათავისუფლებდნენ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და „RMG Gold“–ის  კომერციულმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საყდრისთან დაკავშირებით სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა  არაერთი სარჩელი შეიტანეს. მოთხოვნა კი, ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღდგენა და „RMG Gold“–ის მიერ სამუშაოების შეჩერება იყო.

2014  წლის  13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მწვანე ალტერნატივის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აღუდგინა.

13 დეკემბერს კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბრძანება გამოსცა და საყდრისს კულტურული ძეგლის სტატუსი მოეხსნა. მიზეზად ეს დასახელდა: „საყდრისის მაღაროს გადარჩენა შეუძლებელი იყო. გეოლოგებმა ობიექტი შეაფასეს და იქ არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელება ძალიან საშიში იყო“.

 ბრძანების საფუძველზე  კომპანია „RMG „–მ სამუშაოები განაახლა. თუმცა, მას სასამართლო პროცესის დასრულებამდე, ამის უფლება არ ჰქონდა.

საყდრისში მომხდარი აფეთქება საქართველოს კათლოკოს–პატრიარქმა ილია მეორემ დაგმო.

„საყდრისის ოქროს მაღაროში აფეთქების ფაქტს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა ეკლესია გმობს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველა ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას მოუაროს“.

მსოფლიოს მიერ აღიარებული  კულტურული ძეგლის ნგრევაში, კომპანია „არ ემ ჯი“–მ 3 000 ადამიანი დაასაქმა. პრემიერ–მინისტრმა კი, ეს ფაქტი ბოლნისის რაიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებად შეაფასა.

„“ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, დღემდე 120–ზე მეტ კულტურულ ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 100–ზე მეტი ძეგლი აღდგენილი იქნა. ასე,რომ ბრალდება თითქოს მთავრობა კულტურულ ძეგლებს და არქეოლოგიურ ობიექტებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, უსაფუძვლოა. კომპანიაში, რომელიც დახურვის პირას არის, 3 000 ადამიანია დასაქმებული ანუ, ამდენი ოჯახი ხელფასს იღებს. მინდა საზოგადოებას მივმართო. რომელი გვირჩევნია – 3 000 ადამიანის კეთილდღეობა, თუ ობიექტის შენახვა და გადარჩენა“– ასე მიმართა პრემიერმა საზოგადოებას.

საზოგადოება კი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებისა და პრემიერის შეფასების პროტესტს განაგრძობს.

მთავრობის სხდომაზე, საყდრისისი ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც  გამოთქვა და აღნიშნა, რომ საყდრისზე სამეცნიერო კვლევების შედეგს პერსპექტივა არ გააჩნდა. შესაბამისად, მისივე თქმით, ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ბოლნისის რაიონში ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიგეგმა, სადაც ოქროს საბადოში აღმოჩენილ არტეფაქტებს გადაიტანენ. არტეფაქტების გადატანა კი, საყდრისი მცველმა ასე შეაფასა „საყდრისის მაღაროდან არტეფაქტები მუზეუმში გადაიტანო, იგივეა რაც რემბრანტის ნახატი დაწვა და ფუნჯები გამოფინო“.

მინისტრმა ბოლნისის რაიონში შესაბამისი სივრცე უკვე შეარჩია. იქ, არტეფატქებს უახლოეს მომავალში გადაიტანენ.

„ გარდა ამისა მე მაქსიმალურად ვეცდები, თვითონ ობიექტიდან გადავარჩინო და მოვიპოვო იმ ქანების ნაწილი, რომლის ამოღებაც და გადატანაც შეიძლება, რადგან ის შემდგომ სამუზეუმო ექსპოზიციაში იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა მიხეილ  გიორგაძემ.

იმის დასტურად, რომ ხელისუფლება კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, პრემიერი მუცოს ასახელებს– ფაქტიურად ქვეყანას მუცოს სანაცვლოდ საყდრისთან შელევა უწევს.

სოფელი მუცო მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მუცო უკვე ნასოფლარად ითვლება, რადგან მუდმივად მცხოვრები მხოლოდ ერთი ოჯახია შემორჩენილი. ნუგზარ დაიაური ოთხი წლის წინ წინაპრების მიერ მიტოვებულ მხარეს მეუღლესა და შვილებთან ერთად დაუბრუნდა.

ნასოფლარის კუთვნილი ძეგლებია:  ბორჩაშვილების ციხე–სახლი, ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი,  თორღვაის ციხე–სახლი, კოშკიანი ციხე–სახლი, ჩოლოყაანთ კოშკი.

დროთა განმავლობაში ციხე–ქალაქმა ნგრევა დაიწყო. მორღვეულ კედლებს შორის ჟამთა სვლას მხოლოდ თორღვაის ციხე უძლებდა.

ისმოდა მოწოდებები:  „SOS!  მუცო ინგრევა … მუცოს შველა უნდა“.

2014 წლის 10 ივნისს  პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხე–ქალაქ მუცოს რეაბილიტაციის პროექტის ინიციატივის შესახებ განაცხადა. 

პროექტის თანახმად პირველ ეტაპზე ძეგლის რღვევის პროცესის შეჩერება და ჩამოშლილი კოშკების აღდგენა განისაზღვრა.

რეაბილიტაციისთვის 700 ათასი ლარი გამოიყო.

 სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. მთავრობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროცესი ტრადიციული მასალით–ფიქალის მასიური ქვებით ხორციელდება, რომელიც ამავე მხარეში მოიპოვება.

ირაკლი ღარიბაშვილმა მუცო მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად შეაფასა.

„ძეგლები, რომლებიც იშლება, უნდა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობის პირველადი მოვალეობაა, რომ უნიკალური ციხე –ქალაქი  შემოვუნახოთ და გადავცეთ მომავალ თაობას“, – აღნიშნა პრემიერიმა.

3 წელიწადში მუცოსთვის პირვანდელი სახის დაბრუნება და იქ ტურისტული ადგილის შექმნა იგეგმება.

მუცოს საფრთხე აღარ ემუქრება.

მიმდინარე წელს ასეთი აღმდგენი და დამანგრეველი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას  კულტური ძეგლების მიმართ.

2015 წელს, კი იმედია ქვეყანაში წარსულის დანატოვარს უფრო მეტად გაუფრთხილდებიან.


თაკო პაატაშვილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics