05:33 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 16:14:28, 531 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში

ესტონეთში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კადრიორგის სასახლეში შეხვდა.

ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მას იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად კერსტი კალიულაიდი საქართველოს მიმართ ავლენს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას აკავშირებს. პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა დელეგაციებთან ერთად - გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

„საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს. ქართულმა მხარემ ამ კონტექსტში ესტონეთის პრეზიდენტისგან რეკომენდაციები და თანადგომის დადასტურება კიდევ ერთხელ მიიღო. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსული ოკუპაციის შედეგები, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერა.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა საერთაშორისო ფორუმზე მკაფიოდ აფიქსირებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ესტონეთის განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც. საქართველო და ესტონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას და ამ მხრივ, საქართველოს აქტიური მონაწილეობის როლს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2018 წელი საქართველოსა და ესტონეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ესტონეთი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, საქართველო კი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში წარმომადგენლობითი დელეგაციით მონაწილეობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტალინსა და ტარტუში ესტონელი კოლეგის მიწვევით იმყოფებიან და მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში. საზეიმო ღონისძიებებს 7 ქვეყნის პირველი პირი დაესწრება“, - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics