|
2018-05-26 16:42:28, 1505 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ არსებობდა, პროდასავლური კურსის მომხრე იყო
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მოკავშირეების გვერდით დგას წლების განამვლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მრგვალ მაგიდაზე - „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან განვლილ 100 წელიწადზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, რუსეთის მხრიდან მოხდა იმის ინსპირაცია, რასაც დღეს 2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ, „ჰიბრიდულ ომი“ ჰქვია. „100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ შეძლეს, აღედგინათ ნანატრი სახელმწიფოებრიობა და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ის, როგორც მათ ახალი ქვეყნის შენება დაიწყეს, იყო გაგრძელება იმ ისტორიულ არჩევანისა, რომელიც ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში გაუკეთებია. ეს ისტორიული არჩევანი იყო ორიენტირებული დასავლურ ღირებულებებზე, დასავლურ სახელმწიფოს მოწყობის წესზე და მიზნად ისახავდა თავისუფალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის აშენებას. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ამ რესპუბლიკაში მაშინდელი სტანდარტების მიხედვით, ძალიან მაღალი ხარისხით იყო დაცული, როგორც უმცირესობების უფლებები, ასევე, პოლიტიკური სტაბილურობის, პოლიტიკური ბალანსის პრინციპები. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისტორია ძალიან დრამატულად განვითარდა, პირველი რესპუბლიკის არსებობა სულ სამი წელი გაგრძელდა და საბჭოთა არმიამ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ხელახლა მოახდინა. იმის მერე 70 წლის განმავლობაში, ქართველი ხალხი იბრძოდა და ნატრობდა იმას, რომ დამოუკიდებლობა ხელახლა აღედგინა და საბჭოთა კავშირის შემდეგ ის აღვადგინეთ, თუმცა ჩვენს წინაშე საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე გაჩნდა ახალი პრობლემები, რომელიც მოდიოდა ძველი მისამართიდან და ეს მისამართი იყო მოსკოვი. იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, იმ პირველივე მომენტიდან, რაც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა ნათელი განაცხადი, რომ თავის თავს დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანად ხედავს, მაშინვე მოხდა ინსპირაცია იმის რასაც დღეს ჩვენ 2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ ვეძახით ჰიბრიდულ ომს. ეს ჰიბრიდული ომი დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ხოლო 2008 წელს ამ ომმა მიიღო უკვე ახალი ფორმა და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია უკვე მოახდინა რეგულარულმა რუსულმა არმიამ“,- განაცხადა მარგველაშვილმა. მარგველაშვიმა აღნიშნა რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც არსებობდა და ფუნქციონირებდა საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო პროდასავლური, პროევროპული კურსის მომხრე. „დღეს, როცა ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი, სტაბილური, ევროპის მშენებლობის საკითხის პირისპირ, ნათლად უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი სტაბილურობა, სუვერენიტეტი და უსაფრთხოების გადაწყვეტა არის წინაპირობა რეგიონული და ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის. ამ არჩევანს ჩემი ქვეყანა ემსახურება სრული თავდადებით. ყველა ხელისუფლება, რომელიც არსებობდა და ფუნქციონირებდა საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ, იყო პროდასავლური, პროევროპული კურსის მომხრე. მთელი იმ გასაჭირის პარალელურად, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დემოკრატიული პროცესის გაღრმავების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვდგავართ წლების განამვლობაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ნათლად განსაზღვრა თავისი მომავალი და განსაზღვრა გზა ამ მომავლის უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა 7 ქვეყნის პრეზიდენტს და უცხოურ დელეგაციას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენი დღეს დასწრება აქ, პატივცემულო დელეგაციების ხელმძღვანელებო იმ ქვეყნებიდან რომელიც ჩვენ მეგობარ და ღირებულებების მხარდამჭერ ქვეყანებად ხართ წარმოდგენილები, მაძლევს მე იმის გარანტიას და შეგრძნებას რომ ჩვენ მიერ არჩეული გზა იქნება წარმატებით გავლილი და ჩვენ ერთად ვუზრუნველყოფთ უფრო სტაბილურ და უფრო დაცულ სამყაროს, რისთვისაც, ჩვენ როგორც სახელწიფო და როგორც საზოგადოება ბოლომდე მოწოდებულები ვართ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)