23:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 13:49:23, 1572 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - ის, რომ საქართველო ასე მყარად დგას ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ 1918 წლიდან იღებს სათავეს

„ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის 26 მაისი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკასვიმლა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიისა და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგი იყო.

„დღეს არ შეიძლება არ გავიხსენოთ XIX საუკუნის სამოციანელების, თერგდალეულების, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული როლი. ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი აზრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ და ამზადებდა 1918 წლის 26 მაისს. რომ არა ეს ხალხი, რომ არა გამორჩეული ქართველი მოღვაწეები, რომ არა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი, სადაც ნაკვერჩხალივით ინახებოდა ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, რომ არა გამთლიანებული ეროვნული ცნობიერება, არც 1918 წლის 26 მაისი იქნებოდა და არც დღევანდელი საქართველო იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

1918 წლის 26 მაისი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს: - წარსულს იმიტომ, რომ სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი  საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის მონაპოვარად მიჩნეულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული. - აწმყოს იმიტომ, რომ დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებმაც ისე ახლოს მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ევროპასთან, როგორც არასდროს - დღეს ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის. - მომავალს იმიტომ, რომ იმავე ღირებულებების ერთგულებითა და მათზე დაყრდნობით ჩვენ ვიკვალავთ ახალ გზებს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისკენ, რათა ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიოს განვითარებულ და ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 100 წლის წინ საქართველოს სახელმწიფომ მიიღო პირველი კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.

“ეს იყო მრავალეთნიკური სახელმწიფოს კონსტიტუცია, რომელიც მოიცავდა უნივერსალურ საარჩევნო ხმის უფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და რელიგიის თავისუფლებას. საქართველო იყო  ევროპაში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, სწორედ იმ დროიდან იწყება საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორია.

ჩვენ 100 წლის ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. თუმცა, სულ რაღაც 3 წელიწადში წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება 70 წლით გადაიდო; მაგრამ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, ჩვენი დიდი ერისკაცების სულისკვეთებას უქმად არ ჩაუვლია. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არასოდეს გვიღალატია თავისუფლების იდეისათვის, რომელიც თაობიდან თაობაში გადადიოდა და 27 წლის წინ კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი გადასახედიდან, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაფუძნება კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.

„პირველი რესპუბლიკის გამოცდილება ჩვენი დასავლური იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტია. და ის, რომ საქართველო დღეს ასე მყარად დგას ევროპასა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ იქედან იღებს სათავეს. დღეს საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლაში. სამშვიდობო მისიების მონაწილე ქართველმა მეომრებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველო საიმედო და ერთგული პარტნიორის სახელით განამტკიცეს მთელ მსოფლიოში. მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე, მადლობა გადავუხადო ერთგული სამსახურისთვის და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს! განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს წვევამდელებს. საპატიო და ამაღელვებელია ეს დღე მათთვის, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო და საქართველოს ჯარისკაცი გახდა. მე მჯერა, რომ თქვენ  პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ღირსეულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს. მჯერა, თქვენ ბოლომდე გაუფრთხილდებით მათ სახელებს, ვინც სიცოცხლე შესწირა და სისხლი დაღვარა საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, სამშობლო არასოდეს დაივიწყებს მათ უკვდავ სახელებს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics