|
2018-05-12 23:57:52, 1995 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა და მას დრო 22:00 საათამდე მისცეს, თუმცა ამ დრომდე მათ მხოლოდ თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურათ. კალაძემ აქციის მონაწილეებს ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში თანადგომისკენ მოუწოდა. „გთავაზობთ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე, ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სერიოზულად ურტყავს კლუბურ მუსიკას, ურტყავს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, დები, ძმები, ჩვენი თანამოქალაქეები და დარწმუნებული ვარ თითოეული ის ადამიანი, რომლებიც მართავენ პარლამენტთან აქციას, დაგვიდგება გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს. ჩვენ ვისმენთ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და მე მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის მისაღები არ არის. ეს არის დიდი პრობლემა. შესაბამისად, აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი, ნახონ როგორი მოსაზრება გვაქვს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და რას ვაპირებთ მომავალში“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. როგორც მან აღნიშნა, ღამის კლუბებში შესვლის მიზანი ლეგიტიმური იყო. „რაც შეეხება მოვლენებს რომელებიც განვითარდა გუშინ და დღეს, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება და გუშინ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ნარკორეალიზატორების დაკავებას. ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა, საერთაშორისო პრაქტიკა“, - განაცხადა კობახიძემ. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან კარვები აქვთ გაშლილი. მათი მოთხოვნები უცვლელია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს. ორგანიზატორების თქმით, ისინი არ დაიშლებიან, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება. ტერიტორიაზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. შეგახსენებთ, გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შსს-ს ცნობით 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულების მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ და მათ 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, რადგან გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)