14:04 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 18:06:27, 1693 ნახვა

საზოგადოება
„ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კამპანია დაიწყო

„ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი კამპანია დაიწყო.

არტერიული ჰიპერტენზია ადვილად პრევენცირებადი და მართვადი დაავადებაა, თუმცა ამის მიუხედავად, ის მთელ მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. სწორედ ამიტომ, კამპანიის მიზანს დაავადების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და ექიმსა და პაცინტს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.

როგორც შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, უწყება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მუდმივად ატარებს. მისივე თქმით, კამპანია, რომელიც დღეს განახლდა, მაღალი არტერიული წნევის ამოსაცნობად და მის სამკურნალოდ არის მიმართული.

„მთელი ამ თვის განმავლობაში იქნება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომლის ამოცანაც არის მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი წნევა და თუ კი არის გადახრა, როგორ უმკურნალო მას“, – განაცხადა სერგეენკომ.

კამპანიასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მაღალი არტერიული წნევა დღეს ერთ-ერთი რისკ ფაქტორია მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.

„2016 წელს ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით 33%-ს, როგორც მამაკაცს ასევე ქალს მაღალი არტერიული წნევა აქვს. ეს კვლევა  2010-2016 წლებში ჩატარდა, ამ მხრივ პოზიტიური მიმართულება გახლავთ ის, რომ 2010 წელს მოსახლეობის 30%-მა ამის შესახებ არ იცოდა და ექიმისთვის არასდროს მიუმართავს. დღევანდელი კვლევით ეს ჩამოსულია 24%-მდე, ანუ კულტურა იზრდება“,– განაცხადა გამყრელიძემ.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დარგის სპეციალისტებთან, პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგულარული შეხვედრები. ასევე თბილისსა და რეგიონებში უფასო სამედიცინო გასინჯვების ორგანიზება. მაისის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო ქსელების 771 ფილიალში განთავსდება წნევის საზომი აპარატები და ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება გაიგოს საკუთარი წნევის ციფრები. წნევის საზომი აპარატების ასევე განთავსდება სავაჭრო ცენტრებში,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები.  

ცნობისთვის, არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი სიკვდილიანობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს, ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ადამიანი ავადდება და 7 მილიონი კვდება.

საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18–69 წწ პოპულაციაში 37,7%–ია. ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან ხშირ შემთხვევაში იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics