|
2018-04-27 21:14:17, 1611 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის შეფასებით, 2017 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში სტაბილური წინსვლა აღინიშნებოდა
საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში გასულ წელს სტაბილური წინსვლა აღინიშნებოდა, – ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაშია ნათქვამი. „ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ეუთოს/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელშიც 2017 წლის ოქტომბერ–ნოემბერში საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ზოგადად დადებითად არის შეფასებული და ხაზი გაუსვა, რომ გამოსწორდეს საარჩევნო საჩივრების ეფექტიანად განხილვისა და მათზე რეაგირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე უკეთ იქნას უზრუნველყოფილი თანაბარი საარჩევნო პირობები.მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მედიის მზარდი თავისუფლებისა და აქტიურობისა, რამაც ხელი შეუწყო მეტი პოლიტიკური დებატის წარმართვას, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, – აღნიშნულია კოჟიანჩიჩის განცხადებაში. ასევე, კოჟიანჩიჩი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, პოლიტიკაში ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მეტი მონაწილეობა უზრუნველყოს. განცხადებაშია ასევე მითითებულია, რომ ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გაამარტივებს ვაჭრობას, განათლებას, გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებასა და ნდობის აღდგენას გაყოფილ ჯგუფებს შორის. „ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება, მათ შორის, კერძო სექტორში. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება, რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მოუწოდა მთავრობას, გაგრძელდეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილი ადამიანის უფლებების დეპარტამენტი ხელს შეუწყობს სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მოუწოდა მთავრობას, კიდევ უფრო დაიხვეწოს კოორდინაციის მექანიზმი ადამიანის უფლებების სფეროში“, – აღნიშნულია კოჟიანჩიჩის განცხადებაში. მაია კოჟიანჩიჩის აღნიშნული განცხადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. 25 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს სტაბილურ წინსვლაზე მიმართული ძალისხმევა და იმსჯელეს იმ ვალდებულებებსა და პოლიტიკურ ჩარჩოზე, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ევროკავშირი ადამიანის უფლებების სფეროს ხელშეწყობისას.
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)